საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ერთადერთი, რაც საქართველოს გადაარჩენს, იქნება ერთიანობა.
აღნიშნული განცხადება მთავრობის მეთაურმა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის წინ, პროექტ "დროის ამბავის" პროექტის ფარგლებში, ე.წ. დროის კაფსულის მოთავსების შემდეგ გააკეთა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წელი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია.
"ეს იყო წარმატების წლები. იყო მარცხიც, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა და დღეს მკაფიო მიზნები გვაქვს, რომლის გარშემოც მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას და უნდა გავერთიანდეთ. მთელი ერის სიყვარულით უნდა განვიმსჭვალოთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა.
ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს, ეს იქნება ერთიანობა. სწორედ ამას ემსახურებოდა 25 წლით კაფსულის შენახვა, რათა ჩვენმა ბავშვებმა დღეს თავიანთი სურვილები დააფიქსირონ.
ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენი შვილების სურვილები შესრულდეს და მათი ხედვა საქართველოს მომავლის შესახებ, გამართლდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კაფსულა, რომელიც დღევანდელ დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლესთან ჩაიდო, 2041 წლის 26 მაისს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე გაიხსნება.
კაფსულაში ბავშვების სურვილებია მოთავსებული, თუ როგორი უნდა იყოს მომავალში საქართველო.