უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული პრეზიდენტის მონაწილეობა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესში და 10 წლიანი ვადა, პრეზიდენტის შენიშვნებში ეს საკითხები არ მოხვდება.
როგორც ირინა იმერლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.
რაც შეეხება ვენეციის კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ვიზიტს, როგორც ირინა იმერლიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტი თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და სწორედ აქედან გამომდინარე იმყოფებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ვენეციის კომისიაში.
„არაერთ საკომიტეტო მოსმენაზე მე პირადად დავაფიქსირე უარყოფითი პოზიცია ამ კანონპროექტთან მიმართებაში. პრეზიდენტი დაელოდება ვენეციის კომისიის დასკვნას და შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ, ისე მიიღო პარლამენტმა კანონი, რომ არც საკონსტიტუციო სასამართლოს და არც ვენეციის კომისიას არ ჰკითხეს მოსაზრებები. იუსტიციის მინისტრმა დღეს ისაუბრა პრეზიდენტის მონაწილეობაზე თავმჯდომარის შერჩევის პროცესში და 10 წლიან ვადაზე. თუ ეს ასე იქნება, მაშინ ეს საკითხები პრეზიდენტის შენიშვნებსა თუ სარჩელში არ იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.