თუკი სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილი ჰქონდა ძალადობის ფაქტებს, ის რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე სპიკერმა მანანა კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ძალადობის ფაქტების შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტროდან რეაგირებაც იქნება. ”უნივერსიტეტის კედლებში, შიგნით თუ გარეთ, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ძალადობა არის დასჯადი. თუ ადგილი ჰქონდა გარკვეულ კანონდარღვევას თუ დანაშაულს თვითმმართველობის წევრების მხრიდან, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე და მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ არსებობს შესაბამისი საფუძველი, შინაგან საქმეთა სამინისტროდან რეაგირებაც მოხდება“, - აღნიშნა მანანა კობახიძემ.
”აუდიტორია 115”-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ წარმომადგენლებზე თვითმმართველობის ოცამდე წევრმა ფიზიკურად იძალადა. მათ დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია გამართეს, სადაც აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.