საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინს შეხვდა.
როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული ე.წ. „მესაზღვრეების“ მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მთავრობის კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტზე, საუბარი აგრეთვე შეეხო მიმდინარე წლის 1-5 ივლისის, თბილისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესიის გამართვას.
”შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული მხარე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მსგავსი მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას და გამოხატავს მზადყოფნას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღმოუჩინოს დახმარება საპარლამენტო ასამბლეას, ყოველწლიური სესიის მაღალ დონეზე გამართვის მიზნით.
შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, არჩევნები მაქსიმალურად ღიად, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს. მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა არჩევნებზე მონიტორინგის პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ჩართულობის მნიშვნელობას”, - ნათქვამია სამინისტროს პრესსრელიზში.