ირაკლი შოთაძე - ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილის და ნოდარ ხადურის დაკითხვის საჭიროება გამოძიების წინაშე არ დგას

ირაკლი შოთაძე - ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილის და ნოდარ ხადურის დაკითხვის საჭიროება გამოძიების წინაშე არ დგას

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი ალასანიას, ირაკლი ღარიბაშვილისა და ნოდარ ხადურის დაკითხვის საჭიროება გამოძიების წინაშე არ იდგა და არც ახლა დგას. ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ”იმედის” გადაცემა ”პოლიტიკაში” განაცხადა. ამ განცხადებით ირაკლი შოთაძემ უპასუხა კითხვას, რომლის მიხედვითაც არადამაჯერებელია მხოლოდ იმ პოზიციის ადამიანებს ჩაედინათ დანაშაული, რომლებიც დაკავებულები არიან ”კაბელების საქმეზე” და რატომ არ არიან დაკითხულები ირაკლი ალასანია, ნოდარ ხადური და ირაკლი ღარიბაშვილი. 

როგორც შოთაძემ აღნიშნა, ვერ ხვდება რა არის არადამაჯერებელი, როდესაც არის გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარი. ”მე შემიძლია გითხართ, რომ გამოძიება არის კომპლექსური პროცესი, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მხოლოდ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დადგენის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ვალდებულება მივცეთ კონკრეტული პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში.

ამ საქმის გამორჩეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს ამოღებული შესაბამისი შესყიდვის განხორციელების დოკუმენტაცია სრულად. აქ სრულად არის ასახული თითოეული ეტაპი იმ შესყიდვის, რაზეც ვედავებით კონკრეტულ მსჯავრდებულებს. შესაბამისად, იმ პიროვნებების დაკითხვა, ვიზეც თქვენ მესაუბრებით, ამ ეტაპზე ამის საჭიროების წინაშე გამოძიება არ იდგა და არ დგას, ვინაიდან ის, რაც ჩვენ შესაძლოა გვაინტერესებდეს ამ პიროვნებებიდან, დაცულია შესაბამის დოკუმენტებში. ეს დოკუმენტები ჩვენ დავურთეთ სისხლის სამართლის საქმეზე და სასამართლოშიც იყო გამოკვლეული”, -განაცხადა შოთაძემ. 

ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს 7-7-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.