ე.წ. შეჩერების მექანიზმი დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან დაცვის იარაღია

ე.წ. შეჩერების მექანიზმი დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან დაცვის იარაღია

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რეგულაციის განახლება ვიზალიბერალიზაციის პროცესს ხელს უწყობს

ჯანელიძე განმარტავს, რომ რეგულაცია მიიღება იმისთვის, რომ ევროკავშირი დაზღვეული იყოს დამატებითი მიგრაციული ნაკადებისგან და ის არ ეხება საქართველოს.

"აქ უფრო დიდ, მასშტაბურ პრობლემებზეა საუბარი. ამიტომ, ამ რეგულაციის განახლება არა თუ შემაფერხებელი, არამედ, დამაზუსტებელია, რომელიც პირიქით, ხელს უწყობს ვიზალიბერალიზაციას.

განცხადებაში, ევროპის საბჭომ აღნიშნა, რომ ევროპისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესი და ასეთი დაზუსტებით ხდება მისი ხელშეწყობა.

ველით, რომ საქართველოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, როგორც დაგეგმილი იყო ძალიან მალე მიიღება",- განაცხადა ჯანელიძემ.

ევროკავშირის საბჭო მზად არის, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის საკითხზე მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან გამართოს. საბჭომ მხარი დაუჭირა ე.წ. შეჩერების მექანიზმის გადახედვას, რომელიც ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანამ ვიზალიბერალიზაციით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

ინიციტივის თანახმად, ვიზალიბერალიზაცია შესაძლოა, შეჩერდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა უარს იტყვის რეადმისიის ფარგლებში თანამშრომლობაზე. თუ წევრი ქვეყნების სახელმწიფო პოლიტიკისა და უსაფრთხოების წინაშე რისკები გაიზრდება. ასევე, ექვსიდან ორ თვემდე შემცირდება ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების ამოქმედების ვადა.

ევრო საბჭოს 539/2001 რეგულაციის პირველ "ა" მუხლში შეტანილი შეჩერების მექანიზმი უზრუნველყოფს მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებას გარკვეულ საგანგებო სიტუაციებში, უკიდურეს შემთხვევაში. ეს შეიძლება, გამოწვეულ იქნას ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიერ, რომელიც კომისიას შეატყობინებს, რომ (ექვსი თვის განმავლობაში, წინა წლის ან ამ ქვეყნის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციამდე დარჩენილ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში) ხელს უშლის საგანგებო მდგომარეობის შემქმნელი გარემოებები, რომლისთვისაც თავის გართმევა არ შეუძლია წევრ სახელმწიფოს დამოუკიდებლად.