ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ფაქტს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხურჩაში მომხდარ მკვლელობას გმობს და აცხადებს, რომ მთავრობა დამნაშავის დასასჯელად ყველაფერს გააკეთებს.

ჯანელიძის თქმით, აღნიშნულ ფაქტს შესაბამისი რეაგირება და შეფასება უნდა მოჰყვეს.

"მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს და თანავუგრძნო მათ. რა თქმა უნდა, ამ ტკივილს არაფერი შეავსებს, მაგრამ საქართველოს მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რომ ამ საზარელ ფაქტს მიეცეს, როგორც შესაბამისი შეფასება, ასევე, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და ყველა დამნაშავე დაისაჯოს. ევროკავშირის მონიტორინგის მისია თავიდანვე ჩავრთეთ ამ პროცესში. ასევე, პროცესში ჩავრთეთ ყველა საერთაშორისო ფორმატი. ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, რომ შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოხდეს", - განაცხადა ჯანელიძემ. 

ამასთან, ჯანელიძე, საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის გაგრძელებაზეც საურობს და აღნიშნავს, რომ მათი მანდატი გაგრძელდება. 

"კომიტეტმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ევროკავშირის მისიის მანდატი გაგრძელდეს. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება შემდგომი პროცედურები, რომ ძალაში შევიდეს, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო კომიტეტის გადაწყვეტილება და მხარდაჭერა ამ მანდატის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ მივესალმებით",- განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "19 მაისს, დაახლოებით 14:30 საათზე, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოთხმა შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ინციდენტის შედეგად დაზარალებული მუცლის არეში მიყენებული მრავლობითი ჭრილობებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა ზუგდიდის ჰოსპიტალში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალა.