ჩვენს ინტერესებში იყო, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები რაც შეიძლებოდა სწრაფად გადაგზავნოდა პრეზიდენტს ხელმოსაწერად, ასევე ვენეციის კომისიას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.
“როგორც კი პარლამენტმა კანონი მიიღო, ის იურიდიულ დეპარტამენტს ჩაბარდა, რაც აუცილებელი პროცედურაა იმისთვის, რომ მიღებული კანონი რედაქციულად გასწორდეს. გუშინ, დადგენილ ვადაში, კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნა. გუშინვე, სანამ მიღებული კანონი პრეზიდენტს გადაეგზავნებოდა, კანონპროექტის თარგმანი, თავისი განმარტებითი ბარათით და ოფიციალური წერილით, დიპლომატიური არხებით ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. როგორც წესი, ეს დოკუმენტი საგარეო საქმეთა სამინისტროს საშუალებით იგზავნება. ამიტომ, პრეზიდენტთან კანონის გაგზავნამდე, როგორც კი პროცედურა დასრულდა, რაც ამ დოკუმენტის სრულყოფილ თარგმანს უკავშირდებოდა, ის ვენეციის კომისიას გაეგზავნა. უფრო მეტიც, გუშინვე, ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტით, ყველა დოკუმენტი გავუგზავნე ვენეციის კომისიას იმისთვის, რომ უფრო სწრაფად ჩაბარდეს, ვიდრე ოფიციალურად ჩაბარდება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ბესელიამ.
ბესელია დღეს პრეზიდენტისგან მოსალოდნელი ვეტოს საკითხსაც გამოეხმაურა.
“გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ვეტოს დადების თაობაზე ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი, რომ პრეზიდენტი ამას აპირებდა, ვიდრე ჩვენ კანონს მივიღებდით. მინდა, მის მრჩეველს კახა კოჟორიძეს ვუთხრა, სანამ პარლამენტს მისცემდა რჩევებს და დაარიგებდა, რომ ”კარგად გაერკვეს, თუ რა არის ვეტოს არსი” - მისგან ცოტა უხერხული მგონია, როცა ხალხის წარმომადგენლობით ორგანოს, როგორც ინსტიტუციას, ასე ელაპარაკები. არ მგონია, ეს ეთიკური და კორექტული იყოს, მაგრამ თუკი იმის სურვილი აქვს, რომ გავერკვეთ, ვეტო რა არის და ჯერ დაველოდოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ - დიახ, ჯერ დაველოდებით და შემდეგ ვიმსჯელებთ, მაგრამ იქამდე ვეტოზე საუბარი, სანამ კანონი მიღებული არ იყო, ასევე ცოტა უხერხულია“, - აცხადებს ბესელია.
ბესელია იმასაც ამბობს, რომ ჯერჯერობით ვერავის მხრიდან მოისმინა არგუმენტი იმის თაობაზე, მიღებული კანონის რომელი ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას.
“ვის მოსწონს და ვის - არა, ეს სამართლებრივ ენაზე სერიოზული და არგუმენტირებული საუბარი არ არის. მომწონს კანონი და არ მომწონს კანონი, მომწონს ნორმა ან კვორუმი მაღალი მეჩვენება ან დაბალი, ეს სერიოზული არგუმენტი არ არის. ვინმემ ერთი ნორმა მაინც დაასახელოს, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ჩვენ ის წინააღმდეგობები გავასწორეთ, რომელიც სწორედ კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტს უხერხულობას ის არ უქმნიდა, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტი პოლიტიკური შეთანხმებისთვის. მაშინ როცა პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილში, რაც კონსტიტუციაში დეტალურად არის გაწერილი, ასეთი უფლებამოსილება არ წერია. რაც პრეზიდნეტის უფლებამოსილების ნაწილში კონსტიტუციაში არ წერია, ის არ შეიძლება სხვა კანონში ეწეროს. ეს ყველა იურისტმა იცის. როცა ეს ანტიკონსტიტუციური ნორმა იყო კანონში და ეს გავასწორეთ, ვეტო ამას უნდა დაედოს?! თუ ვეტო იმას უნდა დაედოს, რაც გავასწორეთ, როდესაც პრეზიდენტის სახელით განხილვაში ირინა იმერლიშვილი მონაწილეობდა, რომელმაც ერთადერთი საკითხი დააყენა, რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გადაწყვეტილებას ხელს განზრახ არ აწერს. მოქმედ ნორმაში ასეთი შემთხვევა აქამდე გათვალისიწნებული არ იყო და ესეც დავამატეთ, როგორც გამონაკლისი წესი. არც ერთი შენიშვნა არ მახსენდება, რომელიც წამოიჭრა და არ გასწორდა. მათ შორის, ვახტანგ ხმალაძეს ბევრი ფორმულირება ეკუთვნის და მისი ხელით ბევრი ახალი ნორმა დაიწერა, რომელიც ხარვეზის სახით დაიწერა. ამის შემდეგ ერთ კონკრეტულ არგუმენტს ველოდები, რომელიც ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას?! თუკი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის კვორუმზე გვესაუბრებიან, შემიძლია, ბევრი ქვეყანა დაგისახელოთ, სადაც ასეთი მაღალი კვორუმია. ასევე გეტყვით, რომ ვენეციის კომისიას სპეციალური დასკვნა აქვს და მხოლოდ იმ ქვეყნებს აკრიტიკებს მაღალი კვროუმის გამო, ვისაც მაღალი კვორუმი კონსტიტუციაში უწერია და კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ჩვენ კონსტიტუციაში კვორუმთან დაკავშირებით არაფერი გვიწერია“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.
რამდენიმე დღის წინ, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადების შესაძლებლობასთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრების შეფასებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ”ვეტოს არსი არ არის სათანადოდ გააზრებული და ვეტო კვლავ აღიქმება პოლიტიკური ომის გამოცხადებად”.