ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთის მზარდ აგრესიასთან მიმართებაში ალიანსის პოლიტიკის ადაპტაციაზე იმსჯელებენ

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრები რუსეთის მზარდ აგრესიასთან მიმართებაში ალიანსის პოლიტიკის ადაპტაციაზე იმსჯელებენ

ორი დღის განმავლობაში ნატოს წევრი 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში იმის შესახებ იმსჯელებენ, თუ როგორ უნდა მოხდეს ალიანსის პოლიტიკის ადაპტირება რუსეთის მზარდ აგრესიასთან და როგორ დაეხმარონ მის აღმოსავლეთ მეზობლებს. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ჩვენი პოლიტიკა ნათელია. რუსეთთან ჩვენი ურთიერთქმედების საფუძველი ორია - თავდაცვა და დიალოგი“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, განსაკუთრებით დაძაბულობის პერიოდებში მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და გამჭვირვალობისკენ სწრაფვა.

სააგენტო „ფრანსპრესის“ ინფორმაციით, მოსკოვის მხრიდან საფრთხის გამო, ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ სამხედრო პოტენციალის ზრდის პერსპექტივებს, რომლის შესახებ, მოსალოდნელია, რომ ნატოს ივლისის ვარშავის სამიტზე გახდება ცნობილი.

სააგენტოს მონაცემებით, საუბარია ოთხ ქვეყანაში სამხედრო ყოფნის გაძლიერებაზე, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან - პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში. გეგმის თანახმად, ამ თითოეულ ქვეყანაში განთავსდება ათასკაციანი ბატალიონი. გარდა ამისა, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 20 მაისს მინისტრები ისაუბრებენ ნატო-ევროკავშირის ურთიერთობის პრობლემაზე.