საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი რომ კონსტიტუციური არ იყოს, ასეთ ნორმას არ დავწერდი

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი რომ კონსტიტუციური არ იყოს, ასეთ ნორმას არ დავწერდი

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციური რომ არ იყოს, ასეთ ნორმას უბრალოდ არ დავწერდი, - ასე უპასუხა ”რესპუბლიკური პარტიის” წევრმა ვახტანგ ხმალაძემ იმ განცხადებებს, რომ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ხმალაძემ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის არსი განმარტა.

“კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ პროპორციული წესით აირჩევა 77 პარლამენტარი, მაჟორიტარული წესით კი - 73. ეს ასევე რჩება იმ პროექტის მიხედვით, რომელიც წარმოვადგინეთ. კონსტიტუცია ასევე ამბობს, რომ პროპორციული წესით მანდატები მიეკუთვნებათ მხოლოდ იმ პარტიებსა და საარჩევნო ბლოკებს, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5%-ს. ესეც ზუსტად ასე რჩება. სხვა რამეს კონსტიტუცია არ ამბობს”, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, განსხავავება არსებულსა და წარმოდგენილ მოდელებს შორის არის ის, თუ როგორ ნაწილდება მანდატები.

”არსებული მოდელის მიხედვით, 77 პროპორციული მანდატიდან ითვლება რამდენი მანდატი ერგება პარტიას და ეს რაოდენობა განისაზღვრება იმ პროცენტის მიხედვით, რომელსაც პარტია საერთო ეროვნულ არჩევნებში მიიღებს. შემდგომ ამ პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა მთლიანობაში განისაზღვრება ამ რაოდენობას დამატებული იმდენი დეპუტატი, რამდენმაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიგო. სავსებით შესაძლებელია, რომ, მაგალითად, პარტიამ მიიღოს 40%-იანი მხარდაჭერა, მაგრამ მიიღოს მანდატების 70 ან 80% ან მიიღოს 10%-იანი მხარდაჭერა და მიიღოს მხოლოდ 8 მანდატი, რომელიც არის 5%-ზე ოდნავ მეტი მთელი 150 მანდატიდან. წარმოდგენილი პროექტი ამბობს იმას, რომ მანდატების განაწილებისას მხედველობაში უნდა მივიღოთ პარტიის მხარდაჭერის პროცენტი და პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად - პარლამენტში 150 წევრია და რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერაც მიიღო კონკრეტულმა პარტიამ, ამდენი პროცენტი ერგება მას ოღონდ მთელი 150-დან. მაგალითად, თუ პარტიამ მიიღო 40%, მას ეკუთვნის 60 მანდატი. თუ მიიღო 10% , მას ეკუთვნის 15 მანდატი, 6%-ის მიღების შემთხვევაში, ეკუთვნის 9 მანდატი”, - განაცხადა ხმალაძემ.

მისივე თქმით, ამავდროულად, აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც. როგორც ხმალაძემ განმარტა, წარმოდგენილი მოდელით, თუ პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის, პარტიული სიიდან მას დაემატება იმდენი, რომ ამ კუთვნილ ოდენობამდე შეივსოს.

”მაგალითისთვის, 10%-იანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ, რომელსაც ეკუთვნის 15 მანდატი, თუ მოიგო ორი მაჟორიტარული ოლქი, სიიდან მას დაემატება 13 მანდატი. 40%-იანმა პარტიამ, რადგან მას ეკუთვნის 60 მანდატი, თუ მოიპოვა 50 მანდატი მაჟორიტარულ ოლქებში, მას სიიდან დაემატება 10 მანდატი, ანუ არ იქნება 60-ზე მეტი. პარტია პროპორციული სიიდან მიიღებს იმდენს, რამდენიც ეკუთვნის. ასე რომ, აქ არაფერი არაკონსტიტუციური არ არის. თუ აღმოჩნდა, რომ პარტიამ მაჟორიტარულ ოლქებში მიიღო უფრო მეტი მანდატი ვიდრე ეკუთვნის. მაგალითად, 10%-იანმა პარტიამ თუ მოიგო 20 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მას ხომ 15 მანდატი ეკუთვნის და შესაბამისად, მას პარტიული სიიდან არცერთი მანდატი არ დაემატება”, - განაცხადა ხმალაძემ.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა ხმების მობილიზებას, ხმალაძემ აღნიშნა, რომ ისინი არაფრის მობილიზებას არ აპირებენ.

”ყველამ თავის წევრებს გაუკეთოს მობილიზება, ვისაც მიაჩნია, რომ ეს მოდელი არის მისაღები, სამართლიანი და პარლამენტის თითოეული წევრი დაფიქრდეს ამაზე”, - განაცხადა ხმალაძემ.