დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა

დევნილების დასახლებაში ავარიული კორპუსის კეთილმოწყობა დასრულდა

წყნეთში დევნილთა დასახლებაში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. გაგრის ქუჩაზე არსებულ ავარიულ კორპუსს საყრდენი კედლების გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, დაზიანებული ფუნდამენტი შეიცვალა მონოლითური რკინა-ბეტონის საძირკვლით, ამოივსო ბზარები, შეილესა კედლები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროექტების ფარგლებში, ძველი დაზიანებული საკანალიზაციო სისტემა შეიცვალა ახლით. განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე ადგილზე გაეცნო.

„კაპიტალური გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა გაგრის ქუჩის მე-5 კორპუსს, რომელიც ავარიული და სრულიად ამორტიზებული იყო; ამ კორპუსში 12 ოჯახი ცხოვრობს; ასევე, მთლიანად შეიცვალა და მოწესრიგდა საკანალიზაციო სისტემა“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

საკანალიზაციო სამუშაოების 85% ვაკის რაიონის გამგეობამ დააფინანსა, 15% - დევნილთა სამინისტრომ; გამაგრებითი სამუშაოების 90% გამგეობამ, 10% კი დევნილთა სამინისტრომ უზრუნველყო.

რაიონის მასშტაბით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის სამუშაოები 75 მისამართზე მიმდინარეობს. 20 მისამართზე იცვლება საკანალიზაციო სისტემა, რეაბილიტაცია უტარდება 25 ლიფტს და 17 სახურავს, გამაგრებითი სამუშაოები 5 მისამართზე, წყალსაწრეტი მილების შეცვლა და ნაპრალების ამოვსება კი 8 ობიექტზე მიმდინარეობს.