საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს ”თავისუფალი დემოკრატებიც” დაუჭერს

საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს ”თავისუფალი დემოკრატებიც” დაუჭერს

„თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს დაუჭერენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა განუცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, „თავისუფალ დემოკრატებს“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პოზიცია არაერთხელ აქვს დაფიქსირებული.

„ექვსიანის ფორმატში, რვიანის ფორმატშიც გვქონდა საუბარი, რომ თუ სამხარეო- პროპორციული სისტემა ვერ შედგებოდა საქართველოში, მაშინ ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა გერმანული სისტემის დანერგვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ”რესპუბლიკელების” მხრიდან იქნა წარმოდგენილი, ჩვენ მხარს დავუჭერთ, ვინაიდან ვთვლით, რომ ეს არის ბოლო შესაძლებლობა რეალურად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და უფრო სამართლიანი გახდეს 2016 წლის არჩევნებამდე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ასევე, როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, არიან ცალკეული ინდივიდუალური დეპუტატებიც, რომლებიც ასევე მზად არიან, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭირონ.

„კენჭისყრაზე გამოჩნდება, თუ ვინ, სად არის და ვინ რისთვის იბრძვის ამ პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.