უჩა ძოძუაშვილი:  გაგვაჩნია დოკუმენტაცია, რომ ”დელტას” უდანაშაულობა დავამტკიცოთ

უჩა ძოძუაშვილი: გაგვაჩნია დოკუმენტაცია, რომ ”დელტას” უდანაშაულობა დავამტკიცოთ

საქართველოს სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს თანამდებობაზე დაბრუნდეს, თუკი მოკვლევის დასრულების შემდეგ ამას თავდაცვის მინისტრი გადაწყვეტს.

რაც შეეხება ”დელტასთან” დაკავშირებულ ბრალდებებს, ძოძუაშვილის მტკიცებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ მათთვის საჭირო თანხის სრულად გადარიცხვა 10 მარტს განხორციელდა.

ამასთან, მისივე განცხადებით, ”დელტას” გააჩნია დოკუმენტაციები იმისთვის, რომ საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

”თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა ”დელტაში” მოხდა 19 თებერვალს არასრულად. სრულად თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რატომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, არ ვსაუბრობ, თუ რა დოკუმენტაცია გაგვაჩნია იმისთვის, რომ დავამტკიცოთ ”დელტას” უდანაშაულობა. დღეს მე ვსაუბრობ იმაზე, რომ ”დელტაში” მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. მე ვაფიქსირებ ჩემს მზადყოფნას, გავაგრძელო ჩემი უფლებამოსილებები”, - განაცხადა ძოძუაშვილმა.

სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ "დელტას" გენერალური დირექტორი უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან გუშინ გაათავისუფლეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გათავისუფლების მიზეზი რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემებია.

როგორც ცნობილია, კახეთის მოსახლეობა ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ”დელტამ” სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა. კახეთის რეგიონში სეტყვამ რამდენიმე სოფელი დააზარალა.

დღეს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი მოკვლევის შედეგად დარღვევები არ გამოვლინდა, ”დელტას” გათავისუფლებული ხელმძღვანელი თანამდებობაზე დაბრუნდება.