შემოთავაზებულ მოდელს არ დავარქმევდი გერმანულს, რადგან გერმანიას ძალიან დიდ პატივს ვცემ

შემოთავაზებულ მოდელს არ დავარქმევდი გერმანულს, რადგან გერმანიას ძალიან დიდ პატივს ვცემ

შემოთავაზებულ მოდელს არ დავარქმევდი გერმანულს, რადგან გერმანიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა საარჩევნო სისტემის ე.წ. გერმანული მოდელის შეფასებისას განაცხადა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს ორი განსხვავებული საარჩევნო სისტემის არჩევნების ჩატარებას, მაგრამ ერთი საარჩევნო სისტემის მიხედვით არჩევნების შედეგების შეჯამებას.

„აქ არის არსებითი დარღვევა, რადგან თუ ორი განსახვავებული სისტემით ტარდება არჩევნები, როგორ შეიძლება ის შეჯამდეს ის ერთი და არა ორი სისტემით. აქედან გამომდინარე, ეს თავისი არსით არასწორია. იმიტომ რომ გვეუბნებიან, მოდით,არჩევნები პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩავატაროთ, მაგრამ შედეგები შეჯამდეს მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემის მიხედვით, რაც უკვე თავისთავად დარღვევას წარმოადგენს, რადგან კონსტიტუციაში ჩაწერილი ეს ორი სისტემა ნიშნავს იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და შედეგები შეჯამდეს ამ სისტემების მახასიათებლებით“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს არის მცდელობა ოპონენტების მხრიდან, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის მიუღწევლობის გამო, ვითომ კონსტიტუციის არდარღვევის საბაბით გადაისინჯოს საარჩევნო კანონი.

კითხვაზე, არის თუ არა რესპუბლიკური პარტიის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ დაწერილი პროექტი კონსტიტუციასთან შეუსაბამო,ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ ვახტანგ ხმალაძის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობის დროს, რამდენიმე კანონი გააუქმა საკონსტიტუციო სასამართლომ.

„ასე, რომ ეს რეალური ფაქტია. მე ბატონ ვახტანგს, ამას ვერ დავაბრალებ, რადგან ის წესიერი ადამიანი გახლავთ, მაგრამ უშეცდომო არავინაა, მათ შორის არც ვახტანგ ხმალაძე“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.