გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს სპეციალურ წარმომადგენლს შეხვდა

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საერთაშორისო ენერგეტიკის საკითხებში აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენლმა ამოს ჰოხშტეინმა თესალონიკში საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე იმსჯელეს.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ორი ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებს, ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების პერსპექტივებს და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს შეეხო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სატრანზიტო და ენერგეტიკული დერეფნის ფუნქციის გაძლიერებას. ამერიკულმა მხარემ გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს, როგორც რეგიონის სავაჭრო, სატრანზიტო და ლოგისტიკური ცენტრის ჩამოყალიბებაში.

მხარეებმა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები განხილეს, რომელთა განხორციელებაც როგორც საკუთარი ენერგორესურსების, ისე სამხრეთენერგეტიკული დერეფნის განვითარების კუთხით იგეგმება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აშშ-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ენერგეტიკის საკითხებში ტრანს-ადრიატიკული მილსადენის პროექტის მნიშვნელობაც განიხილეს, სადაც გამოითქვა იმედი, რომ პროექტი ხელს შეუწყობს მასში ჩართულ ქვეყნებს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობის განვითარებას და უზრუნველყოფს სტაბილურობას რეგიონში.