ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები მხნედ არიან და თავადაც კარგად იციან, რომ ტყვეობაში იმყოფებიან და უკანონოდ არიან დაკავებულები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მსჯავრდებულთა ადვოკატმა , ლევან სამუშიამ განუცხადა, რომელმაც დღეს, გლდანის მერვე დაწესებულებაში მსჯავრდებულები მოინახულა.
„ყველა ერთხმად აღნიშნავს და უკვირს, რომ მოსამართლე ბუგიანიშვილს უფრო მეტად აინტერესებს, რას დაუწერს პროკურატურა. ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა ისიც კი მითხრა - „იმედია წაიკითხავს მაინც და ისე მოაწერს ხოლმე ხელს პროკურატურის მიერ დაწერილ განაჩენს, რომ საკუთარი თავისთვის საფრთხის შემცველზე არ მოაწერინონ ხელიო“. დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოო ჯამში ამ საქმეზე სამართალი იზეიმებს“, - განაცხადა სამუშიამ.