სამხედრო ექსპერტი: რუსეთს ეყოფა პოლიტიკური ნება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი

სამხედრო ექსპერტი: რუსეთს ეყოფა პოლიტიკური ნება, გამოიყენოს ბირთვული იარაღი

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას მოსკოვი რუსეთის უსაფრთხოების მუქარად აღიქვამს.

აღნიშნულ განცხადებას რუსეთის სამხედრო მიმომხილველი ალექსანდრ გოლცი აკეთებს.

"ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ექსპერტების ნაწილმა ხელისუფლებას მოუწოდა, ახალი ტიპის ბირთვული იარაღი განავითაროს, რომელიც ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შემდგომ განვითარებას შეაფერხებს. მეტ-ნაკლებად გასაგებია, რომ ან ახალი "ცივი ომისკენ“ მივდივართ, ან უკვე ვიმყოფებით ამ ფაზაში“, - განაცხადა რუსმა ექსპერტმა.

მისი თქმით, "ცივი ომის“ აუცილებელი და გარდაუვალი ელემენტია შეიარაღებით "რბოლაა“.

"ვფიქრობ, რომ მომდევნო წლები საკმაოდ რისკიანი იქნება მსოფლიოსთვის. ვინაიდან რუსეთს არ აქვს ის რესურსი, რაც საბჭოთა კავშირს, წინა "ცივი ომის“ დროს ჰქონდა. არ ჰყავს მოკავშირეები, არც ისე კარგად აქვს საქმე ფინანსებთან დაკავშირებით, ჰყავს საზოგადოება, რომლითაც 5-მილიონიან არმიას ვერ შექმნი, თუმცა ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღი. ჩვენ გვეყოფა პოლიტიკური ნება, რომ ეს იარაღი გამოვიყენოთ“, - განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სწორედ რუსეთის ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული დასავლეთის საპასუხო ქმედებები, ჯერჯერობით კი, რუსეთი დასავლეთის რეაქციას აკვირდება.

"რუსეთი გააგრძელებს ბირთვული შეკავების პოლიტიკას, მათ შორის მუქარას, ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორც ეს იყო პოლონეთისა და რუმინეთის შემთხვევაში, როცა იქ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზები განალაგეს“, - აღნიშნა ექსპერტმა.