საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ე.წ. კაბელების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მედიაში გავრცელებულ იმ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც მედიაში თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანებზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგომასთან დაკავშირებით გარცელდა.

"საზოგადოებრივი ინტერესის და საქმის რეზონანსულობის გათვალისწინებით, რომელიც ე.წ. „კაბელების საქმეს“ მოჰყვა, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო აუცილებლად მიიჩნევს განაცხადოს შემდეგი: ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი, მათ შორის, კრიტიკული მოსაზრება, სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭო ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სასამართლო კორპუსისა და კონკრეტულ მოსამართლეთა მისამართით ნებისმიერ ისეთ საჯარო განცხადებას, რომელიც აშკარად შეურაცხყოფს სასამართლოს პრესტიჟსა და ავტორიტეტს", - აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის საბჭოსთვის გაუგებარია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გადაწყვეტილების „დაუსაბუთებელად“ მიჩნევა მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების სრული ტექსტი გამოქვეყნებული არ არის და უცნობია რა არგუმენტებს ეყრდნობა იგი.

"მივიჩნევთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ა/წ 16 მაისს გაკეთებული განცხადებები ხელყოფს საზოგადოების დემოკრატიულ ღირებულებებს. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას მოვუწოდებთ დაიცვან საქართველოს საზოგადოებრივ ორგანიზაციათა ეთიკის კოდექსი და მისი პრეამბულით გათვალისწინებული პრინციპები.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ გაკეთებულ იმ საჯარო განცხადებებს, რომლითაც ისინი დამამცირებელ ასპექტში მოიხსენიებენ როგორც კონკრეტულ მოსამართლეს, ისე სასამართლო ხელისუფლებას საზოგადოდ. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს პარლამენტის წევრებს დაიცვან საქართველოს პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსი და იმოქმედონ კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის წესების შესაბამისად", - აღნიშნულია განცხადებაში.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადებით, სასამართლოს მისამართით ნებისმიერი მკვეთრი და შეურაცხმყოფელი განცხადება შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლოს დაშინების, ზეწოლის, ან მასზე რაიმე ფორმით გავლენის მოხდენის მცდელობა.

"ასეთმა განცხადებებმა, შეიძლება ასევე დააზარალოს ზემდგომ, სააპელაციო თუ საკასაციო ინსტანციებში საქმის დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად და შინაგანი რწმენის საფუძველზე გადაწყვეტილების გამოტანა და მართლმსაჯულების აღსრულება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა დაინტერესებულ პირს სთხოვს თავი შეიკავოს სასამართლოს გადაწყვეტილების წინსწრებით, ნაჩქარევი შეფასებებისგან და მით უფრო უსაფუძვლო კრიტიკისგან", - აღნიშნულია განცხადებაში.