პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე სავარაუდოდ, პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” სიაშიც იქნება. აღნიშნულის შესაძლებლობა ჟურნალისტებთან საუბრისას თავად მდინარაძემ არ გამორიცხა და განმარტა, რომ ”ალბათ იქნება, რადგან პოლიტსაბჭოს წევრია”.
”ასეთი დათქმა არ არსებობს, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან აბსოლუტურად ყველა იქნება სიაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ზოგი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი”, - განაცხადა მდინარაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ”ქართული ოცნების” რიგებში გაწევრიანების მოტივაციას, მდინარაძის შეფასებით, საქართველოს მოსახლეობას აღნიშნულმა პარტიამ ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა.
”შესაბამისად, თუ დინამიკაში კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტი ჟინით იქნებიან მომართულები ”ქართული ოცნების” წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმ საკეთებელი საქმისადმი, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს იქნება ძალიან კარგი და თქვენ ხედავთ, რომ ამის ნიშნები დღეს არის განახლების კუთხით და ა.შ. ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან მყარ საფუძველზე დაშენებული მყარი შენობა, რომელზეც თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ და ამისთვის ვართ მომართულები. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს აისახება საქართველოს ყველა მოსახლეზე. ჩვენი არჩევანი არის ევროპული და ამის შესახებ რამდენიმე თვეში და წელში აღარც ერთი კითხვა არ დაისმევა”, - განაცხადა მდინარაძემ.
კითხვაზე, რა არის მოქმედი ხელისუფლების ყველაზე დიდი ჩავარდნა, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ეს არის ”ინფორმაციის და გაკეთებული საქმის საზოგადოებამდე ბოლომდე ვერ მიტანა”.
”ყველაზე დიდი მონაპოვარი ამ ხელისუფლების არის თავისუფლება სიტყვის, ბიზნესის და ა.შ. ასევე ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, როდესაც თავისუფლება მოიპოვა გუნდმა, მას შეუძლია გამოთქვას პრეტენზია, რომ წარმატებით გააგრძელებს ქვეყნის შენებას”, - განაცხადა მდინარაძემ.