მოსკოვის სასაფლაოზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვის სასაფლაოზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა

მოსკოვში ხოვანის სასაფლაოზე ფიზიკური დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „ბიბისი“ ავრცელებს.

ერთმანეთს ეთნიკური უმცირესობის, კერძოდ კი ჩრდილოკავსიისა და ცენტრალური აზიის რესპუბლიკების წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. შეტაკებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, მასობრივ დაპირისპირებაში 400-მდე ადამიანი მონაწილეობდა. პოლიციის თანამშრომლებმა 50-ზე მეტი პირი დააკავეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. მათ შორის სამი მკვლელობაშიცაა ეჭვმიტანილი. ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მასობრივ არეულობაში მონაწილე ადამიანები ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. წინასწარი ინფორმაციით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ერთმანეთს სასაფლაოს მონაკვეთის გამო დაუპირისპირდნენ.

სასაფლაოს ტერიტორია სამართალდამცავების მიერ ალყაშია მოქცეული. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.