ჩვენ გვაქვს ნება და რესურსი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ

ჩვენ გვაქვს ნება და რესურსი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ

ჩვენ გვაქვს ნება და რესურსი იმისთვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ”ამ სამმა წელმა ჩვენ გზა გაგვიკაფა და მოგვცა იმის საშუალება, რომ დღეს უფრო დიდი და კონკრეტული მიზნები დავისახოთ და დავიწყოთ ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება, რაც კონკრეტულ შედეგებს, ახალ სამუშაო ადგილებს და კეთილდღეობას მოგვიტანს”.

”საგადასახადო რეფორმა და მეწარმეობის ხელშეწყობა, ეკონომიკაზე ორიენტირებული განათლება, გამართული ინფრასტრუქტურა და მმართველობის ეფექტიანი სისტემა - აი ამას ვთავაზობთ ჩვენ დღეს ხალხს, ეს არის ევროპული საზოგადების ცხოვრების სტილი, ეს არის ის, რაც საქართველოს თანამედროვე, ევროპულ სახელმწიფოდ აქცევს.

ამ გეგმების განხორციელებისათვის მთავარია პოლიტიკური ნება. ჩვენ გვაქვს ეს ნება და გვაქვს რესურსი იმისათვის, რომ ადამიანების ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისაკენ.

ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ განათლების სისტემა. ვაპირებთ გადავხედოთ მიდგომას და ჩამოვაყალიბოთ შრომის ბაზარზე ორიენტირებული უმაღლესი განათლების სისტემა. უმაღლესდამთავრებულ ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ იმის გამო, რომ არავის სჭირდება კონკრეტული დარგის იმაზე მეტი სპეციალისტი, ვიდრე საჭიროა. ჩვენი ამოცანაა გვყავდეს იმდენი კვალიფიციური სპეციალისტი, რამდენიც სჭირდება ქვეყანას.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია აგრეთვე ქვეყნის სწრაფი სივრცითი განვითარება. ჩვენ უნდა გავაფართოოთ აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის სავაჭრო დერეფნები და სრულად გამოვიყენოთ საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის, პოტენციალი. მათ შორის მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ჩვენი ტურისტული პოტენციალი, რაც ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე აისახება.

ეს არის ის, რასაც ვთავაზობთ ჩვენს ხალხს და რამაც გარდატეხა უნდა შეიტანოს ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში.

ამასთან ერთად, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებებით. თუმცა, აქაც ვაპირებთ ვიყოთ უფრო რაციონალური, მოვახდინოთ დიფერენციაცია - იმ ხალხს დავეხმაროთ უფრო მეტად, ვისაც ეს სახელმწიფოსგან ყველაზე მეტად სჭირდება.

ხელისუფლების ვალია, რაც შეიძლება ცოტა ადამიანს სჭირდებოდეს ასეთი დახმარება. მე ამაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი და სწორედ ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთების გაჩენა მიმაჩნია რეალურ გამოსავლად. სწორედ ამ გზით იქმნება ახალი ბიზნესი, ახალი სამუშაო ადგილები ხელმისაწვდომი და ასე დაიძლევა უმუშევრობა”, - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა უშუალოდ ”სტარტაპების” პროგრამაზეც ისაუბრა და დამწყებ ბიზნესს მასში ჩართვისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვიწყებთ ეგრეთ წოდებული ,,სტარტაპების“ პროგრამას, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური, საინტერესო ბიზნესიდეებისა და წინადადების დაფინანსებას, სახელწიფოს მხრიდან მათ ხელშეწყობას, ვისაც დღეს ამის ფინანსური რესურსი არ გააჩნია.

დიდი იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები დაინტერესდებიან ამ საქმით. ეს მისცემს მათ ბიზნესიდეების განხორციელებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების საშუალებას.

მოვუწოდებ ყველა დამწყებ ბიზნესმენს, განსაკუთრებით ჩვენს ახალგაზრდებს, - ჩაერთეთ ამ პროგრამაში და დაიწყეთ თქვენი ბიზნესიდეების განხორციელება. დღეს თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, გამოიყენეთ ეს შანსი, ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი, - თქვენთვის არის ეს ყველაფერი”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ”როგორც ჩვენს ეკონომიკას, ისე ქართულ პოლიტიკას დღეს ახალი ენერგია და განახლებული ხედვა სჭირდება”.