ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია ”ქართული ოცნების” თავჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, მზადაა ემსახუროს სამშობლოს და ყველაფერი გააკეთოს ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
”მადლობა მინდა ვუთხრა პარტია ,,ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ იმ დიდი ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადა. მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური თვალსაზრისით დიდი გამოწვევაც არის. ჩემი კოლეგების, თანამოაზრეებისა და თანაგუნდელების გულწრფელი მხარდაჭერა და ნდობა ასმაგად აძლიერებს ჩემს პასუხისმგებლობას. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს და ყველაფერი გავაკეთო ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და განვითარებისთვის.
ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო იმ პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე დროს შეიქმნა და გარდამტეხი როლი შეასრულა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების გზაზე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარტია ”ქართული ოცნების” ახალმა ლიდერმა ყოფილ თავმჯდომარეებს - ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილსაც მიმართა და მათ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
”მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და მის პირველ თავმჯდომარეს, რომლის შექმნილმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა და მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვალა ხელისუფლება. ასეთი პრეცედენტი საქართველოს მანამდე არ ჰქონია.
ჩვენმა პარტიამ, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, პოლიტიკური ცხოვრების ყველა ეტაპი გაიარა. სულ მოკლე ხანში, დევნისა და შევიწროების მიუხედავად, ”ქართული ოცნება” ახალშექმნილი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიიდან ქვეყნის მმართველ პარტიად იქცა და საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ურთულეს და ძალიან საპასუხისმგებლო პერიოდში უხელმძღვანელა პარტიას და, როგორც პრემიერ-მინისტრმა, წარმატებით გააგრძელა ქვეყნის მართვა.
მინდა მადლობა გადავუხადო პოლიტიკურ საბჭოს, პარტიის თითოეულ წევრს, მხარდამჭერს, ყველას, ვინც ურთულეს პერიოდში ემსახურა ქვეყანას და წვლილი შეიტანა საქართველოს აღმშენებლობის საქმეში”, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
სპორტის სასახლეში პარტია ”ქართული ოცნება” რიგით მე-4 ყრილობას მართავს. ყრილობაზე პარტიის ახალი თავმჯდომარე აირჩიეს. დღესვე გახდება ცნობილი პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.