პარლამენტმა მოგების გადასახადის რეფორმა - ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ინიციტივა დაამტკიცა

პარლამენტმა მოგების გადასახადის რეფორმა - ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედების ინიციტივა დაამტკიცა

პარლამენტმა 85 ხმით - ერთხმად, მესამე მოსმენით, “საგადასახადო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა, რომლის მთავარ სიახლეს მოგების გადასახადის რეფორმა და ე.წ. ესტონური მოდელის ამოქმედება წარმოადგენს.

აღნიშნული მოდელის მიხედვით, მოგების რეინვესტირების შემთხვევაში, კომპანიები მოგების გადასახადს არ გადაიხდიან. მოგება დაიბეგრება მხოლოდ მისი განაწილების, დივიდენდად გაცემის შემთხვევაში.

მოგების გადასახადის რეფორმის გარდა, ცვლილებები ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების მხრივ. კერძოდ, საგადასახადო დავის პერიოდში პირის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მხოლოდ სასამართლოს თანხმობით განხორციელდება, ხოლო საგადასახადო შემოწმებას მხოლოდ საგადასახადო ორგანო განახორცილებს. ამავე პროექტით, კომპანია, რომელიც ძირითად საშუალებებს დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციებში იყენებს, ძირითადი საშუალების იმპორტისას, დღგ-ს თანხას აღარ გადაიხდის.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერაა. კერძოდ, პროექტის მიხედვით, გადამხდელებს, რომელთაც აქტივობები არ უფიქსირდებათ, ჩამოეწერებათ - 2011 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი დავალიანების თანხა და ასევე 2013 წლის 1-ელ იანვრამდე წარმოშობილ დავალიანებაზე დარიცხული სანქციები, ძირითადი თანხის გადახდის პირობით.