პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო

ორდღიანი მუხლობრივი განხილვისა და ხანგრძლივი დებატების შემდეგ, პარლამენტმა ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები - 83 ხმით, 4-ის წინააღმდეგ , მეორე მოსმენით მიიღო. ასევე მიღებულია ”საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.

მანამდე კენჭი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ საკანონმდებლო წინადადებებს ეყარა და ყველა მათი შეთავაზება ”ჩავარდა”.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება.

პროექტის კორექტირებული და მეორე მოსმენით მიღებული ვარიანტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს.

სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით.

კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს შეეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ.

სიახლეა ისიც, რომ 2/3-მდე იზრდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი.

გარდა ამისა, მეორე მოსმენით მიღებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში მისი სრულად გამოცხადებისა და სასამართლოს ვებ-გვერდზე ატვირთვის შემდეგ შევა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ კანონპროექტს მხარს არ უჭერენ ”ნაციონალური მოძრაობა”, ”თავისუფალი დემოკრატები” და ”რესპუბლიკელები”. ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა კენჭისყრის წინ, პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კანონპროექტს შესაძლოა პრეზიდენტმა ვეტო დაადოს.