საქართველო, ომით გაყოფილი ქვეყნიდან, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

საქართველო, ომით გაყოფილი ქვეყნიდან, გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება

ფასების ვარდნისა და რეგიონში არსებული ყველა დიდი ვალუტის კურსის მერყეობის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ვალუტის მყარი კურსი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ლონდონში, ანალიტიკურ ცენტრ Chatham House-ში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”წელს ჩვენ ავღნიშნავთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს. ამ დროის მანძილზე გვქონდა ბევრი წარმატება და მარცხი. საბოლოო ჯამში კი შეიძლება აღინიშნოს, რომ საქართველო, სამოქალაქო ომით გაყოფილი და შეიარაღებული ჯგუფების მიერ მართული ქვეყნიდან გადაიქცა სახელმწიფოდ, რომელსაც აქვს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, გამოირჩევა რეგიონში დემოკრატიის სტანდარტის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და სწრაფად პროგრესირებადი მაჩვენებელით, გააჩნია ეკონომიკური ზრდისა და უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვის დინამიკური მაჩვენებელი”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, მთავრობის მეთაურმა თავის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება სწორედ ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმოხილვაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველომ მოახერხა ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლის შენარჩუნება.

”მე ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალს, განსაკუთრებით იმ პროგრესის გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ფასების ვარდნისა და რეგიონში არსებული ყველა დიდი ვალუტის კურსის მერყეობის მიუხედავად, საქართველომ შეინარჩუნა ვალუტის მყარი კურსი. ამასთან, 2014 წელს საქართველოში განხორციელებული საგარეო პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა გასული 10 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, რეკორდულად მაღალი იყო”, - განაცხადა პრემიერმა.

მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს პოზიციებზე საერთაშორისო რეიტინგებში.

”მსოფლიო ბანკის თანახმად, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი წამყვანია მსოფლიოში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით, გადასახადების სიმსუბუქის თვალსაზრისით კი ჩვენ მე-9 ადგილზე ვართ მსოფლიოში. ჩვენ გავზარდეთ ჩვენს ქვეყანაში შემოსული უცხოური ინვესტიციების მოცულობა, ხოლო წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების თანახმად, საქართველო სტაბილური ქვეყნების კატეგორიაში შედის. ჩვენი რწმენით, შიდაეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოუდგენელია ინვესტიციების მოზიდვის გარეშე. ჩემმა მთავრობამ მიიღო რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიური ზრდის უზრუნველყოფას. ჩვენი რეფორმები მოიცავს საგადასახადო სისტემას, კაპიტალის ბაზრებს, განათლებასა და ჯანდაცვას, ასევე, საპენსიო რეფორმას. ყოველივე ეს ცხადყოფს მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებას, მოამზადოს თანამედროვე, განათლებული და ჯანმრთელი კადრები, რომლებიც მზად არიან გლობალურ ეკონომიკაში კონკურენციისთვის”, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად, სადაც გადის სადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. პრემიერი მიიჩნევს, შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის როლს.

გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ქართული კომპანიებისა და ინვესტორებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

”იგი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს ყველა ინვესტორს, რომელსაც სურს საქართველოში აწარმოოს თავისი პროდუქცია და მოახდინოს პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტი. შეთანხმება ქართული კომპანიებისათვის არა მხოლოდ სატარიფო, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებსაც აუქმებს, რადგან ხელშეკრულების ნაწილით გათვალისწინებულია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გარდაქმნა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულნი - ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვყავს კონკურენციასთან, სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიასთან, ფიტო-სანიტარიულ და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ეს უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების სრულ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.