საკონსტიტუციო სასამართლოზე დაგეგმილი ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებით არის გაჟღენთილი

საკონსტიტუციო სასამართლოზე დაგეგმილი ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებით არის გაჟღენთილი

”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარს არც ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატები” დაუჭერს.

ფრაქციის წევრი შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული ინიციატივა, არავითარ ლეგიტიმულ და პოზიტიურ მიზანს არ ემსახურება.

როგორც შავგულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილებები ერთი პოლიტიკური ძალის პარტიული ინტერესებით არის გაჟღენთილი.

”კანონპროექტის მიზანია, მმართველმა გუნდმა მოახდინოს იმ ინსტიტუციის კონტროლქვეშ დაქვემდებარება, რომელსაც დღემდე ვერ აკონტროლებს. რამდენადაც მმართველ პოლიტიკურ ძალას საკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა უმრავლესობა არ ეგულება, ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, მოეფიქრებინათ კანონი, რომელიც მათ მოსამართლეთა უმცირესობით მისცემს სასამართლოს გაკონტროლების შესაძლებლობას”, - განაცხადა შავგულიძემ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.