პაატა ბურჭულაძის პარტია და ”საქართველოს განვითარების ფონდი” ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს

პაატა ბურჭულაძის პარტია და ”საქართველოს განვითარების ფონდი” ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს

პაატა ბურჭულაძის ახალი პარტია „სახელმწიფო ხალხისათვის“ და ”საქართველოს განვითარების ფონდი” ერთმანეთისგან მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ განუცხადა.

მისივე თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში აუდიტის სამსახურს სანქციბისა და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება მოუწევს. თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ”საქართველოს განვითარების ფონდის” წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს გაიმართა.

”მომავალი კვირის განმავლობაში მათ მიერ წარმოდგენილი იქნება შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა ”საქართველოს განვითარების ფონდისა” და პოლიტიკური პარტიის საქმიანობა გაიმიჯნოს. თუ სამართლებრივად გაიმიჯნა ფონდის საქმიანობა პარტიის საქმიანობისგან, ამ შემთხვევაშიც ჩვენ განვახორციელებთ მონიტორინგს ფონდის ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან, გარკვეულწილად, ეს ფონდი დაკავშირებულია ახალ პოლიტიკურ პარტიასთან. მართალია, მოქმედი კანონმდებლობით დაკავშირებული სუბიექტის სტატუსი აღარ არსებობს, თუმცა არსებობს პოლიტიკური მიზნის მატარებელი სუბიექტი. ისინი, ვინც გადავიდნენ ახალ პარტიაში, არიან დაკავშირებული ამ ფონდთან, ამიტომ ჩვენ ”საქართველოს განვითარების ფონდის” საქმიანობას დიდ ყურადღებას დავუთმობთ, რათა შემდგომ არ მოხდეს შესაბამისი ფინანსური ხარჯების გამოყენება ფონდის მიერ. თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ფონდის საქმიანობა უკავშირდება პოლიტიკური პარტიის საქმიანობას, შესაბამის ღონისძიებებს მივმართავთ, რაც ითვალისწინებს სანქცირებას ან იმ ზღვრებისა და სხვადასხვა რეგულაციის გავრცელებას, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული”, - აღნიშნა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის აზრით, ”საქართველოს განვითარების ფონდმა” გარკვეულწილად არაკეთილსინდისიერად გამოიყენა ის ნორმა, რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადის გაკეთებამდე პოლიტიკურ სუბიექტად ვერ ჩაითვლებოდა.      ”ჩვენ მოკლებულნი ვიყავით უფლებამოსილებას, რომ გვეღიარებინა ეს ფონდი პოლიტიკურ სუბიექტად, მიუხედავად იმისა, რომ გვქონდა გარკვეული ეჭვები, რომ აღნიშნული ფონდის წარმომადგენლები პოლიტიკური პროცესებში ჩართვას აპირებდნენ. ვინაიდან საკანონმდებლო ნორმამ არ მოგვცა იმის საშაულება, რომ გვეღიარებინა აღნიშნული სუბიექტი პოლიტიკური მიზნის მატარებელ პირად, ჩვენ წერილობითი თხოვნით მივმართეთ, ვინაიდან არა მხოლოდ აუდიტის სამსახურის ძალისხმევით უნდა მოხდეს წინასაარჩევნო გარემოს ობიექტურად წარმართვა, არამედ თვითონ პოლიტიკური სუბიექტების და იმ პირების მიერაც, ვინც ჯერ არ არიან პოლიტიკური სუბიექტები, თუმცა აპირებენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას. ამ შემთხვევაში ჩვენ დავინახეთ, რომ ამ ფონდის მიერ ”არაკეთილსინდისიერად” იქნა გამოყენებული ზემოაღნიშნული ნორმა და მათ არ დააფიქსირეს პოლიტიკური მიზნები საჯაროდ, სანამ ახალი პოლიტიკური პარტია არ შექმნეს”, - განაცხადა ლაშა თორდიამ და დასძინა, რომ ”ჩვენ ყველამ ერთად უზრუნველვყოთ ყველასთვის თანაბარი, გამჭვირვალე და ობიექტური წინაასაარჩევნო გარემო, სადაც აუდიტის სამსახურს არ მოუწევს სანქციებისა და სხვადასხვა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება”, - განაცხადა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, რომ ”საქართველოს განვითარების ფონდის” ხელმძღვანლმა პაატა ბურჭულაძემ პოლიტიკური პარტიის ”სახელმწიფო ხალხისთვის” შექმნის შესახებ განაცხადა.