"შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება საქართველოს აძლიერებს"

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ისტორიულად, საქართველო ყოველთვის ასრულებდა მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ როლს სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში, საქართველო იქცა სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო და ენერგეტიკულ დერეფნად.

"საქართველოზე გადის სადენები, რომლებითაც კასპიის ზღვის რეგიონის ნავთობი და გაზი მიეწოდება თურქეთსა და ევროპას, ასევე, ახალი გზატკეცილები და რკინიგზის ქსელები, რის წყალობითაც საქართველო იქცა მნიშვნელოვან ლოგისტიკურ ცენტრად. შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ჩათვლით, აძლიერებს საქართველოს, როგორც აბრეშუმის გზის გაყოლებაზე განლაგებული ცენტრის, როლს", - განაცხადა პრემიერმა ერთ-ერთი წამყვანი ანალიტიკურ ცენტრის Chatham House -ში სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ახლახანს დაბრუნდა British Petroleum-ის აღმასრულებელ დირექტორთან, ბობ დადლისთან გამართული სამუშაო საუზმიდან.

"შეხვედრისას განვიხილეთ სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოების მნიშვნელოვანი პროექტი (SCPX). ეს გახლავთ 45 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტი, საიდანაც 2 მლრდ დოლარი პირდაპირ საქართველოში ინვესტირდება. გაერთიანებულ სამეფოსთან შესანიშნავი თანამშრომლობა გვაკავშირებს. სწორედ ამ ინვესტიციის წყალობით, 2015 წელს გაერთიანებული სამეფო საქართველოს-ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი გახდა", - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველო ასევე შესანიშნავად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ევროპის ქვეყნებთან.

"ესაა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი ჩვენი რეგიონის მნიშვნელობის ზრდის, ევროპის ენერგომომარაგების გზების დივერსიფიცირების და რა თქმა უნდა, რეგიონისათვის მეტი უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ნება მომეცით, აქვე გავუსვა ხაზი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებისნაწილი იყო. ხსენებული დოკუმენტი ქართული კომპანიებისა და ჩვენი რეგიონით დაინტერესებული ინვესტორებისათვისახალ შესაძლებლობებს ქმნის", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, კერძოდ, იგი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს ყველა ინვესტორს, რომელსაც სურს, საქართველოში აწარმოოს თავისი პროდუქცია და მოახდინოს პროდუქტებისა და მომსახურების ექსპორტი.

"შეთანხმება ქართული კომპანიებისათვის არა მხოლოდ სატარიფო, არამედ ინსტიტუციურ ბარიერებსაც აუქმებს, რადგან ხელშეკრულების ნაწილით, გათვალისწინებულია ქართული საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების გარდაქმნა და მათი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ახლა სწორედ ამით ვართ დაკავებულნი -ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოგვყავს კონკურენციასთან, სტანდარტიზაციასა და მეტროლოგიასთან, ფიტო-სანიტარიულ და  სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული ინსტიტუტები. ეს უზრუნველყოფს საქართველოში წარმოებული საქონლისა და მომსახურების სრულ შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან", - განაცხადა კვირიკაშვილმა ლონდონში.