”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლოში გადატრიალების იურიდიული გაფორმებაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
”საუბარია იმაზე, რომ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში ხელისუფლებას საშუალება ეძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი ახალი წევრი დანიშნოს. ამ ოთხი წევრისთვის ხდება მაქსიმალურად იურიდიული ბაზის შექმნა იმისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ბლოკირება მოახდინონ; თუ კოლეგიის ყველა წევრს ვერ აკონტროლებენ, თუნდა ერთ წევრს მისცენ საშუალება, გადაწყვეტილების მიღების საკითხი პლენუმზე გაიტანოს, სადაც გადაწყვეტილების მიღების საშუალება მათ მიერ დანიშნულ უმრავლესობას ექნება; თუ საჭიროა პლენუმის სხდომებს არ დაესწრონ და ამით დაბლოკონ საკითხი”, - განაცხადა ბეჟაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს ალტერნატიული პროექტი შესთავაზა ფრაქცია ”თავისუფალი დემოკრატების” წევრმა შალვა შავგულიძემ. რამდენიმე ალტერნატიული წინადადება აქვს ”ნაციონალურ მოძრაობას”.