თინათინ ბოკუჩავა და ეკა ბესელია ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ

თინათინ ბოკუჩავა და ეკა ბესელია ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ

პარლამენტის სესიაზე უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ტყუილში დაადანაშაულა.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხის განხილვისას, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებს არგუმენტები ეცლებათ ხელიდან, შეურაცხყოფაზე გადადიან.

"როდესაც არგუმენტები გეცლებათ ხელიდან, მაშინ გადადიხართ უკვე შეურაცხყოფაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, ვისაც არ ჰყოფნის არგუმენტები, თავი დაანებოს არაეთიკურ გამონათქვამებს. ქალბატონო თინათინ, ტყუილების თქმით თუ ვინმე გამოირჩევა, თქვენ გამოირჩევით. ამიტომ შეარჩიეთ ფრაზები, როდესაც ასეთ რამეზე საუბრობთ. არ არის ცუდი, რომ ბატონი დარჩიაშვილიც ალაპარაკდა. მაგრამ არ არის კარგი, როდესაც არგუმენტები არ გაქვთ", - განაცხადა ბესელიამ.

თინათინ ბოკუჩავამ მანამდე, ბესელიას ევროსაბჭოს თანამომხსენებლების მოტყუებაში დასდო ბრალი.

"ჩემთვის ძალიან ნათელია, რატომ მოგიწიათ ევროსაბჭოს საპარლამენტო თანამომხსენებლების მოტყუება, როდესაც დაპირდით, რომ მეორე მოხსენებამდე გაუგზავნიდით ვენეციის კომისიას ამ კანონპროექტს. წინასწარ იცოდით, ძალიან კარგად, რა პასუხი იქნებოდა ვენეციის კომისიისგან. ვენეციის კომისიას სულ რაღაც ერთი თვით ადრე, ამ განხილვამდე, მარტის თვეში, უკვე ჰქონდა ჩამოყალიბებული ამ თემებთან დაკავშირებით პოზიცია. დაპირდით, რომ გააგზავნიდით ამ კანონპროექტს და შემდეგ, არ გააკეთეთ ეს და მოაწყვეთ ეს განხილვა", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში, პარლამენტი "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის საკითხს განიხილავს.

აღნიშნული კანოპროექტის ინიციატორი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია.

წარმოდგენილი ცვლილებით, ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, აგრეთვე, საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურები.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით აღინიშნება, რომ იგი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება მისი წინამორბედის უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე, ფიცის დადების მომენტიდან.

ცვლილების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ნებისმიერ წევრს ექნება უფლება სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკუთარი კანდიდატურა შესთავაზოს.

ასევე, ერთ-ერთი ასეთი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნება, ხოლო რა დროში მოხდება მისი ვებ-გვერდზე ატვირთვა, ეს სასამართლოს დისკრეცია იქნება.

პროექტის პირველ ვერსიაში კი ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ მისი გამოქვეყნება.

როგორც ცნობილია, უმცირესობის წევრებისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილის უფლებამოსილების ვადის გასვლიდან არა უგვიანეს 1 თვისა, ნაცვლად 10 დღისა, აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.

ისინი არ ეთანხმებიან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის/თავმჯდომარის მოადგილის ასარჩევად საჭირო კვორუმის 5-დან 6-მდე გაზრდას. როგორც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განმარტა, კვორუმის გაზრდის შემთხვევაში, მიღებულ გადაწყვეტილებებს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია ექნებათ, რაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში მიღებული პრაქტიკაა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ იზიარებენ, აგრეთვე კანონპროექტის იმ ჩანაწერს, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა“.