"თავისუფალი დემოკრატები": ირაკლი ალასანია დღემდე, ჭორაობაში არავის შეუმჩნევია

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, არ იზიარებს თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ ირაკლი ალასანია ვინმეზე ჭორაობს.

მისი თქმით, აქამდე "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ჭორაობაში არავის შეუმჩნევია.

"რაც შეეხება საჰაერო თავდაცვის სისტემასთნ დაკავშირებულ შეთანხმებას, მე შემიძლია ერთი რაღაც ვთქვა - ეს არის ის, რაც ოფიციალურადაა გაცხადებული. დანარჩენთან მიმართებაში, ალბათ, ორმა თავდაცვის მინისტრმა უნდა ისაუბროს. რაც შეეხება წონას და რამდენად დამაჯერებელია, ისევ საზოგადოებამ გადაწყვიტოს. მე მაინც მგონია, რომ ეს უფრო ემოციური ფონია, რომელიც ზოგადად, არსებობს "რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან და გასაგებია. ამიტომ, ამ დებატების გაგრძელებას არ ვაპირებთ. ეს ბატონმა ირაკლიამც განაცხადა სულ რამდენიმე საათის წინ", - განაცხადა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.

შეგახსენებთ, ამავე გადაცემაში თავდაცვის მინისტრმა ხიდაშელმა ალასანიას განცხადებებს სპეკულაცია, მედიასთან ჭორაობა და სხვისი წარმატებით სიბრაზე უწოდა. მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავის სიტყვებზე პასუხისგებისკენ მოუწოდა და საზოგადოებისთვის განმარტება მოსთხოვა. ხიდაშელის თქმით, რომ არა სამხედრო საიდუმლოება, ყველა ნახავდა მისი და ალასანიას მინისტრობის დროინდელ სხვაობას.

მან ასევე აღნიშნა, რომ "კაბელების საქმით“, თავდაცის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყველაზე კარგად იწვნია, ის, რომ თინა ხიდაშელს პოლიტიკურ საზღვრებს ვერ უწესებენ.

"რაც შეეხება პოლიტიკურ საზღვრებს, მან ყველაზე კარგად იცის, რომ თინა ხიდაშელს პოლიტიკურ საზღვრებს ვერ უწესებენ და ეს ყველაზე კარგად სწორედ "კაბელების საქმით“ დამტკიცდა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.   

ხიდაშელის ეს განცხადებები მისი წინამორბედის შეფასებებს მოჰყვა. კერძოდ, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით, თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს. ალასანიამ გუშინ ისიც განაცხადა, რომ ხიდაშელს პასუხს არ გასცემდა, იმდენად რთულ ვითარებაში არიან დღეს "რესპუბლიკელები".