„ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებას ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე მოახდენენ

„ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებას ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე მოახდენენ

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მიერ მომზადებული კანონპროექტების პარლამენტში ინიცირებას დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე და შალვა შავგულიძე მოახდენენ.

„ეს შენ გეხებას“ ინფორმაციით, პარალმენტში შევა ორი კანონპროექტი. მათგან პირველი - მოსმენების საკითხზე დამოუკიდებელი სააგენტოს, მეორე კი სუს-ის საზედამხედველო საპარლამენტო საბჭოს შექმნას გულისხმობს.

„საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მოსმენების არსებული მოდელი და კონკრეტული ვადა მისცა საქართველოს პარლამენტს შესაბამისი ცვლილებების განსახორციელებლად. კამპანიის მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი სრულად ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და წარმოადგენს მოქმედი არაკონსტიტუციური მოდელის ერთადერთ რეალურ ალტერნატივას. მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვის მიზნით კამპანიამ შეხვედრები გამართა, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებთან. შეხვედრების ფარგლებში ასევე განიხილებოდა კანონპრექტების ინიცირების შესაძლებობები. კამპანიისთვის მნიშვნელოვანია დროულად აღსრულდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე კამპანიისთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი არ იქცეს პოლიტიკური დაპირისპირებების ან ვაჭრობის საგნად, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. სწორედ ამიტომ კამპანიის სურვილი იყო კანონპროექტები ასოცირებული არ ყოფილიყო ერთ კონკრეტულ პარტიასთან და მათი ინიცირება ყველა ფრაქციიდან თითო წევრს მოეხდინა. ვინაიდან, პრაქტიკულად, შეუძლებელი აღმოჩნდა კამპანიის მიერ მომზადებული ცვლილებების ყველა ფრაქციის მიერ ერთობლივად ინიცირება, კამპანიამ გადაწყვიტა საკითხის ინიცირება პარლამენტში მოახდინონ ინდივიდუალურმა დეპუტატებმა - ვახტანგ ხმალაძემ და შალვა შავგულიძემ, რომლებიც ამავე საკითხზე კანონპროექტების ინიციატორები და ავტორები იყვნენ. აღნიშნულ დეპუტატებთან კონსულტაციების შემდეგ მიღებულია თანხმობა, რომ ამ ეტაპზე პარლამენტში მოხდება შემდეგი ორი კანონპროექტის ინიცირება, პირველი - მოსმენების დამოუკიდებელი სააგენტოს შექმნის, მეორე - სუს-ის საზედამხედველო საპარლამენტო საბჭოს შექმნის შესახებ“, - აცხადებენ კამპანიაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციები.

რაც შეეხება კამპანიის მიერ მომზადებულ სხვა ინიციატივებს, მათ შორის დამოუკიდებელი სგამოძიებო მექანიზმის შექმნასთან დაკავშირებით, კამპანია ამ საკითხებზე კონსულტაციებს გააგრძელებს პოლიტიკურ ჯგუფებთან.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე კამპანიაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე, მას შემდეგ რაც ყველა ტექნიკური დეტალი დაზუსტდება, პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივების დარეგისტირება მოხდება.