თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "ტვ პირელის“ ეთერში, მისი წინამორბედის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებებს უპასუხა.
ხიდაშელმა ალასანიას განცხადებებს, სპეკულაცია, მედიასთან ჭორაობა და სხვისი წარმატებით სიბრაზე უწოდა. მან თავდაცვის ყოფილ მინისტრს თავის სიტყვებზე პასუხისგებისკენ მოუწოდა და საზოგადოებისთვის განმარტება მოსთხოვა.
ხიდაშელის თქმით, რომ არა სამხედრო საიდუმლოება ყველა ნახავდა მისი და ალასანიას მინისტრობის დროინდელ სხვაობას.
"ჩემთვის გაცილებით მნშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხება, ვიდრე ალასანიას ჭორაობა მედიასთან, მის საქციელს მეტს ვერაფერს დავარქმევ. ეს არის სიბრაზე, მისი სიბრაზე იმითაა გამოწვეული, რომ ვიღაც მასზე უფრო წარმატებულია და მასზე უფრო გამბედავი აღმოჩნდა. პოლიტიკურ ჩარჩოებზე, რასაც ჩემზე ლაპარაკობს ირაკლი ალასანია ეს იმდენად სასაცილოა, მისგან მოსმენილი, წესით პასუხიც არ უნდა გამეცა, 10 თვის განმავლობაში არც მიპასუხია, მაგრამ ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი, დასაწყისი და დასასრული.
არაფერში მჭირდება პოლიტიკური კინკლაობა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება საქართველოს თავდაცვისუნარიოანობას და სამინისტროს მიმართ უპასუხისმგებლო განცხადებებს, მოვითხოვ მისგან და ეს იქნება ჩემი ბოლო მოთხოვნა, რომ რეალურად უთხრას ქართულ საზოგადოებას, რა იყო ის, სადაც შეიძლებოდა, ქვეყნის უკეთ დაცვა და მე არ დავიცავი. იმიტომ, რომ ამით ის ამბობს, რომ მე რაღაც შემეძლო და არ გავაკეთე რაც ნიშნავს, რომ მე საქართველოს ვუღალატე. ის ვალდებულია, განმარტოს. ან განმარტავს, ან ის უბრალოდ მატყუარაა, რომელიც თემით სპეკულირებს.
მე არ მახასიათებს ასეთი რამ, მაგრამ ძალიან გაბარაზებული ვარ. შეიძლება, პოლიტიკაში სპეკულაციები, მაგრამ, როდესაც იცი, რომ ვერ გამოგიტანენ დოკუმენტს და შედარებით ანალიზს ვერ დაგიდებენ იმისას, რასაც შენ აწერდი ხელს და რასაც შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მოაწერა ხელი, ეს უბრალოდ უსინდისობაა.
მე რომ შემეძლოს, მოგიტანოთ და წაგაკითოთ რამხელა სხვაობაა ჩემსა და მის მინისტრობას შორის - გაჩვენოთ დოკუმენტები, ის ვეღარასდროს ხმას ვერ ამოიღებდა, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არც დღეს და არც მაშინ, როცა აღარ ვიქნები თავდაცვის მინისტრი იმიტომ რომ ეს არის სამხედრო საიდუმლოება და ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ "კაბელების საქმით“ თავდაცის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ყველაზე კარგად იწვნია, ის, რომ თინა ხიდაშელს პოლიტიკურ საზღვრებს ვერ უწესებენ.
"რაც შეეხება პოლიტიკურ საზღვრებს მან ყველაზე კარგად იცის, რომ თინა ხიდაშელს პოლიტიკურ საზღვრებს ვერ უწესებენ და ეს ყველაზე კარგად სწორედ "კაბელების საქმით“ დამტკიცდა", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.