აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი მეთაური, რომელიც იანვარში ქვედანაყოფთან ერთად ირანელმა სამხედროებმა დააკავეს, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო უწყება ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სპარსეთის ყურეში რამდენიმე თვის წინ მომხდარი ინციდენტის გამო ერიკ რაშმა ხელმძღვანელობის ნდობა დაკარგა.
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს მოსაზრებით, სამხედრო მოსამსახურემ ქვედანაყოფის ეფექტურად მართვა ვერ შეძლო, რამაც ინციდენტი გამოიწვია.
მიმდინარე წლის იანვარში ირანელმა სამხედროებმა სპარსეთის ყურეში ორი ამერიკული სამხედრო კატარღა და 10 მეზღვაური დააკავეს და ირანის ტერიტორიულ წყლებში უკანონო შესვლაში დაადანაშაულეს.
15 საათის შემდეგ ყველა მეზღვაური გაათავისუფლეს.
აშშ-მ მაშინ განაცხადა, რომ კატარღები ირანის ტერიტორიულ წყლებში ტექნიკური პრობლემების გამო, შემთხვევით მოხვდნენ.