თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერის თანამდებობის დასაკავებლად თსუ-ში ამ ეტაპზე კვლავ არც ერთი მსურველის განცხადება არ არის შესული. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, განაცხადებების მიღებას დღის მეორე ნახევარში ელოდებიან.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერობის მსურველთა რეგისტრაცია 3 მაისს დაიწყო და დღეს, 13 მაისს, 18:00 საათზე დასრულდება.
როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია მითითებული, აკადემიური საბჭოს მიერ კონკურსანტების შეფასება განხორციელდება 2 ეტაპად: დოკუმენტური მონაცემების შეფასება და პრეტენდენტებთან გასაუბრება. აკადემიური საბჭოს მიერ პრეტენდენტების შეფასების განხორციელებისა და კონკურსის საფუძველზე შერჩეული ერთი კანდიდატურა წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს. სენატისათვის წარდგენის ბოლო ვადად 2016 წლის 10 ივნისი განისაზღვრა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კანცლერობის წინა კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი იყო, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა სტუდენტების რამდენიმე კვირიანი აქციის შემდეგ მოხსნა.