სახელისუფლებო გუნდს ტოვებენ ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები, - ამის შესახებ ”პალიტრა ნიუსის” გადაცემა “360 გრადუსში სტუმრობსას პარტია “სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი რუხაძემ განაცხადა. ასე გამოეხმაურა ის საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებას, რომ პაატა ბურჭულაძე მიხეილ სააკაშვილის ბანობას აპირებს.
რუხაძის მოსაზრებით, მეჭიაურის განცხადება სახელისუფლებო გუნდში არსებულმა განხეთქილებამ და აზრთა სხვადასხვაობამ გამოიწვია. მისივე თქმით, ბურჭულაძე, მისი რეიტინგიდან გამომდინარე, სატელიტი პოლიტიკოსი ვერ იქნება.
“პაატა ბურჭულაძე ყველაზე რეიტინგული პოლიტიკოსია. რატომ ჰგონიათ, რომ ყველაზე პოპულარული ლიდერი, მასზე ნაკლები რეიტინგის მქონე ლიდერის სატელიტი იქნება?! ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ სახელისუფლებო გუნდს, ტოვებენ ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანები! დღის განმავლობაში “ქართული ოცნების“ ლიდერების და წევრების მხრიდან სამი ერთმანეთისგან განსხვავებული კომენტარი ვიხილეთ. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ “ქართულ ოცნებას ” ეშინია. ის, არჩევნებზე დაკარგავს უმრავლესობას“, - განაცხადა გიორგი რუხაძემ.
დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა დღეს განაცხადა, რომ პაატა ბურჭულაძე “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ბანია. "მიმაჩნია, რომ ის მაინც ”ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი უფროა, ვიდრე დამოუკიდებელი მოთამაშე. წინა ხელისუფლების რეჟიმის დროს პაატა ბურჭულაძეს ხმა არ ამოუღია - მხედველობაში არ მაქვს მისი ვოკალური მონაცემები, მოქალაქეობრივ ხმაზე ვსაუბრობ. ეს იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მსოფლიო პირველი ბანი პოლიტიკაში მიშა სააკაშვილის ბანობას აპირებს”, -განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.