მანანა კობახიძე ”ნაციონალებს”:  ვაცხადებ 5-წუთიან შესვენებას მაგიდაზე ხელების ბრახუნისთვის

მანანა კობახიძე ”ნაციონალებს”: ვაცხადებ 5-წუთიან შესვენებას მაგიდაზე ხელების ბრახუნისთვის

პარლამენტის სხდომაზე 5-წუთიანი, ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. შესაბამისი გადაწყვეტილება სხდომის წამყვანმა მანანა კობახიძემ იმ დაპირისპირების გამო მიიღო, რომელსაც უმცირესობის მხრიდან ჰქონდა ადგილი.

უფრო კონკრეტულად, მანანა კობახიძემ ”ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელს ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტის განხილვისას შეკითხვის დასმის უფლება იმ მოტივაციით არ მისცა, რომ კითხვები მეორდებოდა და ინიციატივასთან კავშირში არ იყო. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონი გამოურთო. ამას ”ნაციონალური მოძრაობის” წევრების პროტესტი მოჰყვა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, მათ შორის მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს.

”ვაცხადებ 5-წუთიან ტექნიკურ შესვენებას, შეგიძლიათ ყველამ აბრახუნოთ ხელები და გამოუშვათ ენერგია - 5 წუთი ხელების ბრახუნისთვის”, - მიმართა მანანა კობახიძემ უმცირესობის წევრებს.