პარლამენტში პლენარული სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში პლენარული სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტში პლენარული სესია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დეპუტატები სხდომაზე ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონს განიხილავენ, რომელიც უკვე რამდენიმე საათია გრძელდება.

უმრავლესობის წევრები ოპოზიციას ”პროცედურულ ომში” ადანაშაულებენ, რის კონტექსტშიც, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა სხდომის წამყვანს, მანანა კობახიძეს მოუწოდა, კითხვების დასმის შეწყვეტის უფლება გამოიყენოს.

კახიანის განმარტებით, ამის უფლება სხდომის თავმჯდომარეს რეგლამენტიის 159-ე მუხლით გააჩნია. კითხვების დასმის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისკენ კობახიძეს გია ვოლსკიმაც მოუწოდა.

კახიანის განცხადებას უმცირესობის წევრები - ირმა ნადირაშვილი და ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურენ.

ნადირაშვილის თქმით, უმრავლესობის ნება რომ იყოს, ისინი ოპოზიციასაც გააქრობდნენ და შესაბამისად, ბურთი და მოედანი მათი იქნებოდა.

„სამწუხაროა, რომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან რეგლამენტის დარღვევაზე მოწოდება კეთდება“, - აღნიშნა ნადირაშვილმა.

კახიანს სხდომაზე გოგირიშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ”ყოველგვარ ეთიკას” არღვევს.

„ბიუროს სხდომაზე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ დღის წესრიგში ეს საკითხი პირველი უნდა ყოფილიყო და საუბარი იმაზე, რომ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოსმენა მნიშვნელოვანია, ზედმეტია. რიგითობის განსაზღვრის უფლება თქვენ გქონდათ, რადგან საკითხს კენჭს თქვენ უყრით“, - აღნიშნა გოგორიშვილმა.