გიორგი კახიანი მანანა კობახიძეს დეპუტატებისთვის შეკითხვის დასმის შეწყვეტის უფლების გამოყენებას სთხოვს

გიორგი კახიანი მანანა კობახიძეს დეპუტატებისთვის შეკითხვის დასმის შეწყვეტის უფლების გამოყენებას სთხოვს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი პლენარული სხდომის წამყვან მანანა კობახიძეს რეგლამენტის იმ მუხლის გამოყენების თხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვითაც, საჭიროების შემთხვევაში, სხდომის წამყვანს უფლება აქვს, მიიღოს გადაწყვეტილება შეკითხვების დასმის შეწყვეტის შესახებ.

როგორც კახიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, აშკარაა, რომ ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვამ პროცედურული ომის ხასიათი მიიღო და ოპოზიციის მხრიდან სრულიად უშინაარსო და უსაგნო კითხვები ისმება.

”რაც თქვა ლევან თარხნიშვილმა, სერგო რატიანმა გადაახვიეთ და მოუსმინეთ საკუთარ თავს, რა სისულელეები ისმის”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

მან აქვე აღნიშნა, რომ პარლამენტს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ელოდება და მისი მოსმენის სურვილი აქვთ.

სესიაზე ანალოგიური განცხადება გია ვოსლკიმაც გააკეთა.

”ნაციონალურმა მოძრაობამ” მანანა კობახიძისადმი გიორგი კახიანის რჩევა გააპროტესტა და მას ”სამარცხვინო” უწოდა. როგორც ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, თუკი დღევანდელ სხდომაზე ვახტანგ გომელაურის მოსმენის სურვილი ჰქონდათ, შეეძლოთ პლენარული სხდომის დღის წესრიგი სხვანაირად დაეგეგმათ.

თავად მანანა კობახიძის თქმით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას და რეგლამენტით მინიჭებულ შესაბამის უფლებას იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ ერთი და იგივე შეკითხვა გამეორდება.

პარლამენტი მთელი დღის განმავლობაში ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს. განხილვა მეორე მოსმენით მიმდინარეობს და ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობენ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრები. იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტის განხილვა უკვე რამდენიმე საათია გრძელდება, დეპუტატები პროექტზე მსჯელობის მხოლოდ საწყის ეტაპზე არიან. ამასთან, ქუთაისში ჩასულია და პარლამენტში იმყოფება ვახტანგ გომელაური, რომელიც მისი ანგარიშის მოსმენის დაწყებას უკვე მეორედ ელოდება.

რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი მუშაობას 21:00 საათზე ამთავრებს.