ხვალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

ხვალ წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ საქართველოს განმანათლებელის, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით პარაკლისს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძარში (ლურჯ მონასტერში) გადაიხდის.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.

ხვალ, ასევე, XVII-XVIII საუკუნეებში დუდიკვათსა და პაპათში (ამჟამად თურქეთის ტერიტორია) ქრისტეს სარწმუნოებისათვის მუსლიმთაგან წამებული მართლმადიდებელი ლაზების (300 მხედარის, საულიერო პირების და სხვების) ხსენების დღე აღინიშნება.