საჯაროდ მოვითხოვ თავდაცვის ყოფილი მინისტრისგან, ძალიან კონკრეტულად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად იყო შესაძლებელი ქვეყნის უკეთ დაცვა და მე ეს არ გავაკეთე - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.
"მთელი წლის განმავლობაში პასუხი არ გამიცია მსგავსი ტიპის განცხადებებზე, რადგან ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, ვიდრე ეს პაექრობა. შეურაცხმყოფელი და სირცხვილია, როდესაც ასეთი განცხადებები გვესმის; კიდევ უფრო სირცხვილია, როდესაც ბატონი ირაკლი ჩაეწერა იმ რუსული პროპაგანდის ციკლში, რომელსაც პირდაპირი ცეცხლი აქვს ჩემს წინააღმდეგ გახსნილი. დღეს ისიც, „ხელი მომაკიდინეს“ პრინციპით, ამ მარათონში მონაწილეობს. ამიტომ, მე მოვითხოვ, რომ დეტალურად წარმოადგინოს პრეტენზიების ნუსხა, სად, როდის, რა მომენტში ფიქრობს ის, რომ ჩემი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა უფრო მეტად იყო შესაძლებელი და მე ეს არ გავაკეთე", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ერთ-ერთ სატალევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საჰაერო თავდაცვის საკითხთან დაკავშირებით თავდაცვის ამჟამინდელ მინისტრს თინა ხიდაშელს გარკვეული ჩარჩოები დაუწესეს.