წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნო კამპანიის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში იქნება მიღებული.

როგორც ჟურნალისტებს იმერლიშვილმა განუცხადა, მას ინფორმაცია აქვს, რომ რამდენიმე დღის წინ, მხარეების მონაწილეობით კონსულტაციები გაიმართა.

“ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე კონსულტაციებისთვის მოიწვია და უახლოეს ხანებში, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტს არჩევნების შესახებ ახალი სამართლებრივი აქტის გამოცემა მაისის დასაწყისში აქვს დაანონსებული, მაშინ როცა პრემიერმა მას თხოვნით მიმართა, ახალი განკარგულება ივლისში გამოსცეს.

პრეზიდენტის მიერ არჩევნებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მაისში გამოცემის შემთხვევაში ქვეყანა საარჩევნო რეჟიმში არჩევნებამდე 5 თვით ადრე - სწორედ მაისიდან გადავა, თუმცა როგორც მთავრობაში აცხადებენ, ეს რამდენიმე მილიონი ლარით მეტ დანახარჯს გამოიწვევს, რისი ფუფუნებაც ბიუჯეტს არ აქვს.