ეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის კომიტეტის სხდომაზე შეკამათება მოხდა

ეკა ბესელიასა და ირინა იმერლიშვილს შორის კომიტეტის სხდომაზე შეკამათება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და უშიშროების საბჭოს მდივან ირინა იმერლიშვილს შორის შეკამათება მოხდა.

კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს იხილავს.

კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს ირინა იმერლიშვილი, რომელმაც უკმაყოფილება გამოთქვა, თუ რატომ არ გაიგზავნა აღნიშნული პროექტი ვენეციის კომისიაში.

იმერლიშვილის შეფასებით, ძალიან დიდი პრობლემაა, როდესაც პარლამენტი ვენეციის კომისიაში არგაგზავნილი პროექტის მიღებას აპირებს.

„რიგით კანონზე არ ვლაპარაკობ და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება. ვინაიდან ევროსაბჭოს წევრები ვართ, ასეთი კანონი ვენეციის კომისიაში აუცილებლად უნდა გაიგზავნოს და პარლამენტმა მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა პოსტფაქტუმ, რაც სამწუხაროდ, „საარჩევნო კოდექსის“ შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

იმერლიშვილს გამოსვლა ბესელიამ შეაწყვეტინა და განმარტა, რომ ვენეციის კომისიაში პროექტის პირვანდელი ვერსიის გაგზავნას აზრი არ ჰქონდა. ბესელიას თქმით, პროექტი ახლა გადამუშავებულია.

„ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნას არანაირი აზრი არ ჰქონდა, რადგან პირველი ვერსია რაც იყო, პრინციპების დონეზე შეცვლილია. ვენეციის კომისიამ იმ დოკუმენტზე უნდა იმუშაოს, რომელიც პრინციპების დონეზე მხარდაჭერილია, თორემ აღმოჩნდებოდა, რომ კიდევ სხვა დოკუმენტი უნდა გაგვეგზავნა“, - განაცხადა ბესელიამ.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების საკითხს ეხება. თავდაპირველად, პროექტით იხილებოდა ინიციატივა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლას საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ ითვალისწინებდა. როგორც ბესელიამ განმარტა, მიღებულია კომპრომისული ვარიანტი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე თავად სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვენების და ძალაში შესვლის შესახებ. ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლეებს, რომელთაც უფლებამოსილების ათწლიანი ვადა ეწურებათ.