ირაკლი კობახიძე:  არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიიდან წავიდა

ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიიდან წავიდა

არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია პარტიის წევრი აღარ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

მისი თქმით, აქედან გამომდინარე, მის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

”არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია წავიდა პარტიიდან. ამასთან დაკავშირებით განცხადებაც გაკეთდა. მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პოლიტსაბჭო და აქედან გამომდინარე მის განცხადებაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანს არანაირი ინფორმაცია არ აქვს თუ რა პროცესები მიმდინარეობს პარტიაში.

”მას ინფორმაციები არ აქვს იმის თაობაზე თუ რა პროცესები მიდის პარტიაში. აქედან გამომდინარე, მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით. არმაზ ახვლედიანი დიდი ხანია არ არის ჩართული პარტიულ პროცესებში. ის რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის ”ქართულ ოცნებაში”, ეს იმას ნიშნავს, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს თავის გაჯანსაღებაზე, მათ შორის საკადრო მიმართულებით”, - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ახვლედიანს პოლიტსაბჭოს წევრობა დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა.

არმაზ ახვლედიანმა პარტია ”ქართული ოცნების” დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ახვლედიანი განმარტავს, ამის მიზეზი ის ფაქტი არის, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ უერთგულა.