არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, - ასე პასუხობს დეპუტატი თამაზ მეჭიაური ”რესპუბლიკური პარტიის” წევრ ლევან ბერძენიშვილის განცხადებას.
თამაზ მეჭიაურის თქმით, ის ”ქართულ ოცნებიდან’’ მას შედეგ წავა, როდესაც ”რესპუბლიკელები” დატოვებენ თანამდებობებს.
”ჯერ ერთი, ვინ ეკითხება ლევან ბერძენიშვილს, ან მეორეს, სად წავალ და ვის გარიცხავენ ან ვის არა. არავის თითის დასაქნევი არ მაქვს, შიგნით იქნება თუ გარეთ. ამას ცალსახად მინდა ხაზი გავუსვა. მეორე, ამით ისინი აკეთებენ იმის ილუსტრირებას, რომ თავის დროზე ”ქართულ ოცნებას” ისინი იყენებდნენ, როგორც სატელიტ პარტიას და მაქსიმალურად ჩაიგდეს სადავეები ხელში. ფაქტობრივად შანტაჟის გზით ბევრი გადაწყვეტილება მიაღებინეს ისეთი, რომელმაც მთლიანობაში ქვეყანაც დააზარალა და ”ქართული ოცნებაც‘’, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
დეპუტატის განმარტებით, ”ქართული ოცნების” რეიტინგის კლება ”რესპუბლიკური პარტიის” ”დამსახურებაა”.
”თუ სადმე ”ქართულ ოცნებას” რეიტინგის კლება აქვს, ეს მათი დიდი ”დამსახურებაა”. ადრე ამ პარტიაზე თქვეს, რომ ფითრის როლს ასრულებს - ხეს მოეკიდებიან, ხე ხმება, ის კიდევ მწვანეა. უნდათ კიდევ სადღაც გადაინერგონ, აიძულონ კვირიკაშვილი - ფაქტობრივად, ისინი კარნახობენ. პარტიიდან ჩემი და ჩემნაირების ან ეროვნულ ნიადაგზე უფრო დამოუკიდებელი პიროვნებების ჩამოშორებით ისინი შეეცდებიან ისევ ჩანერგონ ”ქართულ ოცნებაში” ახალი ტროას ცხენები, როგორც ეს გააკეთეს 2012 წლის არჩევნებზე და ამის საშუალებით მოხვდნენ პარლამენტში. ახლა ისინი მოძლიერდნენ, თვლიან, რომ დამოუკიდებლად შეაღწევენ პარლამენტში - თუ დაემატებათ კიდევ ”ქართულ ოცნებაში” შესული მათი სატელიტი ჯგუფი, ისინი უკვე ამ პარტიას ჩაიბავენ ”ბუქსირზე” და ათამაშებენ ისე, უკვე დიდი გამოცდილებით, როგორც ათამაშებდნენ აქამდე,’’ - აღნიშნა მეჭიაურმა.
ძმები ბერძენიშვილების აზრით, თამარ მეჭიაური პარტიიდან, გოგი თოფაძე კი ”ქართულმა ოცნებამ” ფრაქციიდან უნდა გარიცხოს.