Panama Papers-ის სიაში 85 ქართველის სახელი და გვარი დაფიქსირდა. აქედან რამდენიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახე და ყოფილი მაღალჩინოსანია.
სიაში მოხვედრის შესახებ მათ განმარტება "ქრონიკის“ ეთერში გააკეთეს. ისინი, ოფშორულ კომპანიებთან კავშირს ძირითადად თავიანთ საადვოკატო საქმიანობით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ ამაში უცნაური და დასამალი არაფერია.
ადვოკატი ირაკლი კორძახია: დავა იხილებოდა სასამართლოში და მე, როგორც ადვოკატი წარმოვადგენდი ერთ-ერთ ოფშორულ კომპანიას, ასევე, ოფშორული კომპანია იყო მოსარჩელე და გარკვეული დავა მიმდინარეობდა. მინდობილობაც სწორედ სასამართლოს საფუძველზე გაიცა. პირველი ინსტაცია წავაგეთ მერე სააპელაციო მოვიგეთ.
დავით იაკობაშილი: "იარაღს და წამალს ხომ არ ვყიდულობ? დანარჩენი ყველაფერი რეალურია. მე მარტო ერთი კომპანია მაქვს და ვიშოვე ფული. დასამალი არაფერი მაქვს, იმას უნდა ჰქონდეს დასამალი, ვინც მთავრობაშია და კორუფციაშია ჩართული.
არჩილ კბილაშვილი: "ასეთი მინდობილობები მე ასეულობით მაქვს მიღებული, ისევე როგორც სხვა ადვოკატებს. ეს არის დაახლოებით, ისეთი კითხვა, ქირურგს, რომ ჰკითხო - გაუკეთებია თუ არა მას ოპერაცია ამა და ამ პირისათვის 2 წლის განმავლობაში.
ცნობისათვი, გასაჯაროებულ დოკუმენტებში საქართველოს სულ მცირე 85 მოქალაქის სახელი ფიგურირებს. მათი ნაწილი ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიების წილის მფლობელია, ნაწილი კი - მფლობელების წარმომადგენელია.
ბაზაში არსებულ 200 ათასი ოფშორული კომპანიის მონაცემებს ახალი კომპანიები დაამატეს და ამ დროისთვის, ბაზაში 320 ათასზე მეტი კომპანიის მონაცემი არსებობს.
დოკუმენტები პანამურ იურიდიულ კომპანიას „Mossack Fonseca“-ს ეკუთვნოდა. დოკუმენტები 1977-2015 წლების პერიოდს მოიცავს.
11,5 მილიონი დოკუმენტი თავდაპირველად, დაახლოებით, ერთი წლის წინ გერმანულმა გამოცემა Suedduetsche Zeitung - მა “ჯონ დოუს” ფსევდონიმით ცნობილი პირისგან მიიღო.
გამოცემამ ფაილები გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმს გადასცა, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის დამუშავებაში ათასობით ჟურნალისტმა მიიღო მონაწილეობა.
მუშაობის პირველი შედეგები მიმდინარე წლის აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა. "პანამური დოკუმენტების“ გასაჯაროებას რამდენიმე ხმაურიანი გადადგომა მოჰყვა - თანამდებობები დატოვეს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა და ესპანეთის მრეწველობის მინისტრა.
სკანდალური დოკუმენტების გამოქვეყნების გამო ევროპარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომელიც ე.წ. “პანამურ დოკუმენტებში” გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეისწავლის.