არმაზ ახვლედიანმა პარტია "ქართულ ოცნების" დატოვების მიზეზები საგანგებო პრესკონფერენციაზე განმარტა.
მან ამის მიზეზად "ქართული ოცნების" მიერ 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა
პარტიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად, პარტიის მმართველი ძალა კი არჩევნების გაყალბებას შეეცდება.
"პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, ამოწურა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ გადაქცეულიყო დემოკრატიულ-პოლიტიკურ ორგანიზმად, რომ ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისთვის. ამასობაში, მოახერხა ის, რომ აფერხებს პოლიტიკურ განვითარებას, აფერხებს დემოკრატიულ წინსვლას ქვეყნისას. ვშიშობ, რომ ყრილობა, რომელიც კარს მომდგარია, ამას უბრალოდ ხელს შეუწყობს - უბრალოდ მიიღებს სხვა ხარისხს და ამის შემდეგ, პარტია გადაერთვება ყველა მანქანებით იმ გზაზე, რომ ნებისმიერი საშუალებით მოიგოს არჩევნები. არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვიილად არ შეუძლია, ნორმალურ, თანაბარ, კონკურენტულ პირობებში. ამიტომაც, იგი მიმართავს სხვა გზას, ჩვეულ გზებს და ამის დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებითაა დღეს დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა. ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ, რომ გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაბამისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი და არასდროს - არა.
ეს უბედურება ჭირს „ქართულ ოცნებას“ და ვერ მოახერხა ამ სენისგან თავის დაღწევა, მაგრამ ახლა რა მოსატანია მისი დასნეულება, როცა მე ვხედავ რეალურად, რომ "ოცნება" უკვე ახერხებს და ასნეულებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს. ამიტომ, არ შემიძლია ამ პარტიაში დარჩენა, გამოვდივარ პოლიტსაბჭოდან და განვაგრძობ ბრძოლას იმისთის, რომ თანამოაზრეებთან ერთად, ხელი შევუშალო ამ პროცესს, რომ ერთხელ და სამუდამოდ, გაირღვეს მოჯადოებული პოლიტიკური წრე, რომელზეც ტრიალებს საქართველო წლების განმავლობაში. დარწმუნებული, ვარ რომ ათასობით ადამიანი ამ ამოცანაში და მის წარმატებით შესრულებაში მოახერხებს მონაწილეობას“, - განაცხადა ახვლედიანმა.