ნიჰილიზმის გაჩენის საშიშროება რომ ავიცილოთ, ნატო-ს წევრობაზე მოთხოვნა ”დღეს და ამ წუთში”, დამაზიანებელია

ნიჰილიზმის გაჩენის საშიშროება რომ ავიცილოთ, ნატო-ს წევრობაზე მოთხოვნა ”დღეს და ამ წუთში”, დამაზიანებელია

ნიჰილიზმის გაჩენის საშიშროება რომ ავირიდოთ თავიდან, მოთხოვნები წევრობაზე ”დღეს და ამ წუთში”, არის დამაზიანებელი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა. მისი თქმით, წევრობაზე მოთხოვნა ”დღეს და ამ წუთში” აჩენს მოლოდინებს და სკეპტიკოსების ჯგუფს სალაპარაკოს უჩენს. ვოლსკიმ აღნიშნულ თემაზე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის მიერ ნატო-ზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

”ნიჰილიზმის გაჩენის საშიშროება თავიდან რომ ავირიდოთ, მოთხოვნები, რომ წევრობა უნდა მოხდეს ”დღეს და ამ წუთში”, არის დამაზიანებელი. ეს აჩენს მოლოდინებს და სკეპტიკოსების ჯგუფს უჩენს სალაპარაკოს. მუშაობაა საჭირო და თუ სწორად ვიმუშავებთ, მიზანი მიღწევადია. ”დღეს და ამ წუთში” მოთხოვნები როგორც ”ნატო-დან” გვეუბნებიან, არის დამაზიანებელი, ვინაიდან სკეპტიციზმს წარმოშობს. ”დღეს და ამ წუთში” არ მოხდება არაფერი, საჭიროა მუშაობა, მოლაპარაკებები, უსაფრთხოების უზრუნველყოფა”, - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ საქართველო ვარშავის სამიტზე მოითხოვს წევრობას, ვოლსკის თქმით, თინა ხიდაშელისგან მსგავსი მოთხოვნა არ გაუგია.

”დღეს და ამ წუთში შეიძლება მოითხოვო, მაგრამ მუშაობაა უფრო მეტი საჭირო, რომ მოხდეს რაც შეიძლება მალე. თავდაცვის მინისტრისგან ასეთი მოთხოვნა - ”დღეს და ამ წუთში” არ გამიგია. ჩვენი მოთხოვნა შეიძლება იყოს ასეთი, მაგრამ პასუხი შეიძლება იყოს, რომ დღეს და ამ წუთში ეს ვერ ხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ პოლიტიკურად კარგად უნდა ავწონოთ, როდესაც ასეთ ხმამამაღალ განცადებებს ვაკეთებთ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თამაზ მეჭიაურის განცხადებებს არ ეთანხმება არც წვრთნებთან და არც ნატო-სთან დაკავშირებით.

”ძალიან ბევრ კომენტარს ვაკეთებთ კოლეგების განცხადებებთან დაკავშირებით, რომ თითქოს უმრავლესობის წევრები ფიქრობენ ასე. მე არ ვეთანხმები თამაზ მეჭიაურს და არა მარტო თამაზ მეჭიაურს, ბევრი ადამიანია ვინც ასე ფიქრობს და გამოჩნდა კიდეც მხარდამჭერები. ქართულ ჯარს სჭირდება მომზადება, ქართულ ჯარს სჭირდება ტრენერები, მასწავლებლები, რომლებიც გაცილებით უფრო მეტ გამოცდილებას ფლობენ, ტექნიკა სჭირდებათ, რომელზეც უნდა ისწავლონ და უნდა გადაეწყონ ახალ სტანდარტებზე. ჩვეულებრივი სწავლება მიმდინარეობს და ეს არანაირად არ ემუქრება არც მეზობლებს და არც კავკასიაში უსაფრთხოების თემას. მეორე მოსაზრება არის, რომ არ გვღებულობენ ნატო-ში და რა გვინდა ნატო-ში. ეს ნიჰილიზმის გამჩენი მიმართულებაა და არ არის სწორი. თუკი ნატო-ს წევრი ქვეყნები გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ ახლა არ არის დრო ამის და ვითარება ამის საშუალებას არ გვაძლევს, ეს ეფუძნება სერიოზულ პოლიტიკურ გაანგარიშებებს უსაფრთხოების თემაზე. ურთიერთობა ჩვენსა და ნატო-ს შორის ინტენსიურად და ხარისხიანად მიმდინარეობს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, წევრობასთან დაკავშირებით არანაირი სკეპტიციზმი არ არსებობს.

”თუმცა, გარკვეული ადამიანები ცდილობენ მიაწოდონ საზოგადოებას თავისი განწყობები და თავი მოაწონონ, თუმცა სინამდვილეში ცუდ შედეგს ვიღებთ. საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ნიჰილზმი ჩნდება, რომ კომპეტენტურმა ადამიანმა თქვა, რომ ხვალ გვიღებენ, მაპ-ს გვაძლევენ და ფილმებშიც კი გახდა იუმორისტული მხარე. ეს ადამიანები, ეს ჯგუფი განსაკუთრებით ”ნაციონალურ მოძრაობაში” ბევრია, რომლებიც მთავრობას აბრალებენ, რომ ჩვენ ნაკლებად აქტიურები ვართ და აქედან გამომდინარეობს ნატო-ს განცხადებები, რომ ახლა მომენტი არ არის და უნდა ვიმუშაოთ ერთად და აქტიურად. ეს ჯგუფი კვებავს მეორე ჯგუფს, რომელიც ამბობს - აი, ხომ ხედავ, არ გვიღებენ! გეგონება, პატარა საქართველოს რეალურად იმხელა რესურსი გააჩნია, რომ განახორციელოს მთელი რიგი ამოცანები, რაც ქვეყნის წინაშეა. ჩვენთვის ნატო და ევროკავშირი მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური კეკლუცობისთვის, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის და განვითარებისთვის”, -განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.