ჩეხეთის პარლამენტის სახით ძალიან ეფექტური და აქტიური მხარდამჭერი გვყავს ვიზალიბერალიზაციის პროცესში

ჩეხეთის პარლამენტის სახით ძალიან ეფექტური და აქტიური მხარდამჭერი გვყავს ვიზალიბერალიზაციის პროცესში

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ჩეხ კოლეგას იან ჰამაჩეკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მათ პრესისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთეს.

“გვქონდა ძალიან საინტერესო, მეგობრული საუბარი ორ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაზე, პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრისას, ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა და საქართველო ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო პარტნიორულ თანამშრომლობაში არიან. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარი დავუჭიროთ ერთმანეთის სტრატეგიულ ინტერესებს. ჩეხეთი არის ძალიან აქტიური მხარდამჭერი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის. ჩვენ ვისაუბრეთ ვიზალიბერალიზაციის პროცესზეც. ბატონმა ჰამაჩეკმა ბრძანა თავისი მოსაზრებები, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი მთავრობის, ჩვენი პარლამენტის, ჩვენი ხალხის სურვილებთან და პერსონალურად მისი სახით, ჩეხეთის პარლამენტის სახით, ჩვენ გვყავს ძალიან ეფექტური, ძალიან აქტიური მხარდამჭერი ამ პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკური, სავაჭრო კავშირ-ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე. ამისთვის ბევრი რამ კეთდება. უახლოეს თვეებშიც კიდევ ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ მოხდება. სულ ორიოდე თვის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა ჩეხეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიყავი, როდესაც ჩემმა კოლეგამ ბრძანა, რომ ჩეხეთის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ძალიან კმაყოფილი დარჩნენ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრით. ამან კიდევ უფრო გააძლიერა მოტივაცია იმისა, რომ ჩვენ, ორმა ქვეყანამ, მეტი გავაკეთოთ ურთიერთხელსაყრელი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.