გია ვოლსკი:   არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო

გია ვოლსკი: არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი იყო

არმაზ ახვლედიანის მარგი ქმედების კოეფიციენტი იყო დაბალი, - ასე აფასებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი არმაზ ახვლედიანის პარტიულ საქმიანობას, რომელმაც ”ქართული ოცნების” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ახვლედიანი პარტიიდან არ გაურიცხავთ მხოლოდ იმიტომ, რომ ”ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერებოდა”.

”თუ რამე არ მიყვარს, ეს არის პიროვნებებზე ლაპარაკი. არმაზს ჩემს მიმართ უარყოფით კონტექსტში არაფერი უთქვამს. ცხოვრება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩემი ფილოსოფია ან არმაზ ახვლედიანია. მას პარტიულ საქმიანობაში არც აქტიური და არც პასიური მონაწილეობა არ მიუღია. არ გავრიცხეთ, რადგან ეს მის დადებით მხარეს არ შეეფერობოდა და შევუჩერეთ პოლიტსაჭოს წევრობა. პროცესებში არ მონაწილეობდა - მარგი ქმედების კოეფიციენტი მისი მხრიდან იყო დაბალი. ასევე განცხადებები რომელსაც აკეთებდა, გვიქმნიდა გარკვეულ პრობლემებს და არაეთიკური იყო კოლეგების მიმართ”, - განაცხადა ვოლსკიმ.

არმაზ ახვლედიანი პარტია ”ქართულ ოცნებას” ტოვებს. ამის შესახებ ახვლედიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა. როგორც ახვლედიანი განმარტავს, ამის მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ”ქართულმა ოცნებამ” 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს არ უერთგულა.

”პარტია „ქართულმა ოცნებამ“ არ უერთგულა 2012 წელს ნაკისრ მთავარ ვალდებულებებს და დემოკრატიულ ინსტიტუტად ვერ ჩამოყალიბდა. სამართლიანობისა და პროგრესის დროშით მოსული მმართველი პოლიტიკური ძალა თვითონვე იქცა სახელმწიფოს განვითარების შემფერხებელ ფაქტორად.

სამი წელია, ვიბრძვი „ოცნებაში“ ფესვგადგმული მანკიერი მმართველობის შესაცვლელად. თვითკმაყოფილი, საზოგადოებისგან გაუცხოებული პოლიტიკური ელიტა კი უარს ამბობს ცვლილებებზე და კვლავ ფასადურობით იფარგლება. ეს გარემოებები სხვა გზას არ მიტოვებს, გარდა იმისა, რომ საბოლოოდ გავემიჯნო „ქართულ ოცნებას“. გავდივარ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან და ვტოვებ პარტიას.

ვრჩები იმ ფასეულობების სამსახურში, რომელთა ერთგულებაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის შეგნებული არჩევანია”, - აცხადებს არმაზ ახვლედიანი.